ენერგეტიკა

300-მეგავატიანი ნახშირის თბოსადგურით საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა გაიზრდება

wikipedia.org

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG) ნახშირზე მომუშავე თბოსადგურის პროექტის განვითარებაზე მუშაობს. პროექტის ღირებულება დაახლოებით $200 მილიონია, მისი სიმძლავრე კი 150-300 მეგავატი. გარდაბანში მდებარე ახალი თბოსადგური სრულად ტყიბულის მაღაროებში მოპოვებული ნახშირით მომარაგდება. 

ტაბულასთან საუბარში GIG-ის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ სადგურის მშენებლობა წელს იწყება და ის დაახლოებით 2 წლის ვადაში დასრულდება. პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასაც გაზრდის, რადგანაც ნახშირი ერთადერთი სათბობი წიაღისეულია, რომლის ამ მოცულობით მოპოვებაც საქართველოშია შესაძლებელი.

"სადგურის სიმძლავრე 300 მეგავატამდე იქნება და ის გააცოცხლებს ტყიბულის ნახშირის წარმოებას. ნახშირზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე დაბალია, შესაბამისად თუ ჩვენ ქვეყანაშივე მოთხოვნა არ გავაჩინეთ ტყიბულის მაღაროები ავტომატურად გაჩერდება. ამიტომ ეს თბოსადგური აუცილებელია იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება, ნახშირი არის ერთადერთი სათბობი წიაღისეული, რომლის ამ მოცულობით მოპოვებაც საქართველოში შესაძლებელია, ყველა დანარჩენი სადგური მუშაობს იმპორტირებულ გაზზე", - ამბობს ვეფხვაძე.

თბოსადგურებზე საქართველოს დამოკიდებულება პიკს ზამთრის სეზონზე აღწევს, ამ დროს ქვეყნის პრაქტიკულად ყველა ჰიდროელექტროსადგური წყლის ნაკლებობის გამო სრული დატვირთვით ვერ მუშაობს. სწორედ ამიტომ ქვეყანა ელექტროენერგიას ბუნებრივი აირის მეშვეობით გამოიმუშავებს. 

პროექტს GIG-ის დაფუძნებული კომპანია "სიპაუერი" ახორციელებს, მან სახელმწიფოსთან (ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორთან) ელექტროენერგიის შესყიდვაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმა. 

GIG გარდაბანში უკვე ფლობს დაახლოებით 500 მეგავატის სიმძლავრის ბუნებრივ აირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებს, ამ დროისთვის აღნიშნული სადგურები გაჩერებულია.

კომენტარები