ევროპული საქართველო

უგულავა: შევცვლით ივანიშვილის რეჟიმს ქვეყნის ნგრევის და რყევის გარეშე

ტაბულა

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის გიგი უგულავას თქმით, "საქართველო არ იმსახურებს, იყოს ღარიბი, უიმედო, ჩამორჩენილი, ერთი ადამიანის ნებას დამორჩილებული ქვეყანა". დღევანდელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას უგულავამ განაცხადა, რომ "საქართველო უკეთეს მომავალს იმსახურებს, რომელსაც ჩვენ ერთობლივი ბრძოლით მოვიპოვებთ".

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის თქმით, ეს ბრძოლა უნდა დასრულდეს არა ვინმეს დამარცხებით და დამხობით არამედ საქართველოს გამარჯვებით.

"გამარჯვებით იმ იდეალებისა, რომლის განხორციელებაც ჩვენი პოლიტიკური თაობის ვალიცაა და პრივილეგიაც. ესაა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ამ სამ რამეს აუცილებლად უნდა მივაღწიოთ" - აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, ციხეში გატარებული თითქმის სამი წელი არ იყო დაკარგული დრო.

"ეს იყო მარცხზე და მომავალზე ფიქრის დრო. რაც მახარებს - არ ვგრძნობ არც ბოღმას, არც შურისძიების სურვილს, პირიქით, ვგრძნობ ბევრ პოზიტიურ ენერგიას, ახალ შემართებას, ტალღას იმისთვის, რომ ერთად მივაღწიოთ უკეთესობას ჩვენი ქვეყნისთვის. 

დღეს საქართველოს შურისმაძიებელი, დაბოღმილი რეჟიმი მართავს, მინდა, მივმართო მათ - საკმარისად ვატკინეთ ერთმანეთს, ახლა ქვეყანას სტკენთ თქვენი ქმედებებით. გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები, გადავშალოთ წიგნი ახალ გვერდზე, დავასრულოთ წარსული და ვიყუროთ წინ, მივხედოთ ქვეყანას და თუ ამას არ იზამთ თქვენ, ამას ვიზამთ ჩვენ, ყველა მიზანს რყევის და ნგრევის გარეშე მივაღწევთ, შევცვლით ივანიშვილის რეჟიმს ქვეყნის ნგრევის და რყევის გარეშე" - განაცხადა უგულავამ.

ევროპული საქართველოს ყრილობა სპორტის სასახლეში ერთ საათზე მეტია, მიმდინარეობს. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ დავით ბაქრაძე აირჩიეს, გენერალურ მდივნად - გიგი უგულავა, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გიგა ბოკერია, ხოლო თბილისის მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარია დასახელდა.

კომენტარები