ე.წ ციანიდის საქმე

ინტერვიუ საპატრიარქოს იურისტთან: მოკვდინებაში იგულისხმება ფიზიკურიც და სულიერიც

ედიშერ ქარჩავა და მეუფე პეტრე

საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავასთან ტაბულამ სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა.

ტაბულა: თქვენ განაცხადეთ, რომ მეუფე პეტრე პატრიარქის მოკვლას ცდილობდა...

ედიშერ ქარჩავა: მოკვდინებას...

ტაბულა: საზოგადოებრივ მაუწყებელს თქვენ "მოკვლა" უთხარით...


ედიშერ ქარჩავა: არა მე დავაზუსტე იქ, რომ მოკვლასაც გულისხმობს მეთქი, ფიზიკურ სიკვდილსაც გულისხმობს და სულიერსაც მეთქი. მოკვდინება ვიხმარე და ეტყობა მერე იმათ ეგ გამოიყენეს რა...

ტაბულა: ანუ, თქვენ პირდაპირ, ფიზიკურ განადგურებაში ბრალს არ სდებთ მეუფე პეტრეს?

ედიშერ ქარჩავა: მოკვდინებაში იგულისხმება ფიზიკურიც და სულიერიც. ციანიდის საქმე არის ამ დიდი ჯგუფის გეგმის ერთი შემადგენელი ნაწილი. უშუალოდ მონაწილეობდა თუ არა, ეს ბრალდების პრეროგატივაა. მე მაგას ვერ წარვუდგენ, მაგრამ მას უნდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საპატრიარქო ტახტიდან ჩამოგდება და მისი მოკვდინება.

ტაბულა: და, როგორ ცდილობდა მეუფე პეტრე ამ გეგმის განხორციელებას, თქვენი აზრით?

ედიშერ ქარჩავა: ეს თვითონ მას ჰკითხეთ და თუ იტყვის, კარგი და თუ არ იტყვის, მაინც მოუწევს, მე ვიტყვი ამის შესახებ

ტაბულა: თქვენ განაცხადეთ, რომ პატრიარქის სიძე, სოსო ოხანაშვილიც იყო ამ ჯგუფის ნაწილი...

ედიშერ ქარჩავა: კი, მეგობრები არიან ეგ და მეუფე პეტრე. სულიერად და იდეურად არ ეთანხმებოდნენ პატრიარქის მმართველობას, ზოგადად ეწინააღმდეგებოდნენ და მათ თავიანთი გეგმები ჰქონდათ საპატრიარქო მმართველობასთან დაკავშირებით. საერთო მეგობარიც ჰყავდათ...

ტაბულა: სოსო ოხანაშვილი ხომ მიტროპოლიტი დიმიტრის სიძეა, ისევე, როგორც კათოლიკოს-პატრიარქის. თქვენ განაცხადეთ, რომ ერთ-ერთი მაღალი იერარქი ითხოვდა პროკურატურისგან სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგ არ დაწყებულიყო საქმის წარმოება. იყო თუ არა ის მიტროპოლიტი დიმიტრი?

ედიშერ ქარჩავა: ამის შესახებ განცხადებას არ გავაკეთებ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ტაბულა: ანუ არც უარყოფთ და არც ადასტურებთ?

ედისერ ქარჩავა: არც უარვყოფ და არც ვადასტურებ.

ტაბულა: როდესაც თქენ საუბრობთ როგორც საქართველოს საპატრიარქოს იურისტი, გამოხატავთ თუ არა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას?

ედიშერ ქარჩავა: მე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ზოგადად ეკლესიას ეხება, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით განმარტებებს ვაკეთებ და ამ განმარტებებში ჩემი პოზიციაც არის. ამ შემთხვევაში არის ჩემი პირადი პოზიცია.

ტაბულა: ანუ საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ არის, თქვენი პირადი პოზიციაა?

ედიშერ ქარჩავა: დიახ, ამ შემთხვევაში ჩემი პოზიციაა.

ტაბულა: რაც შეეხება უშუალოდ ამ ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც, თქვენი თქმით, გეგმავდნენ საქართველოს საპატრიარქოს კათედრის დამხობას. საკათალიკოსო საბჭო ახსენეთ და თქვით, რომ საქართველოს საკათალიკოსო საბჭო ნიშნავს სინოდალურ მმართველობას, კირიონ კათალიკოზიც ექვემდებარებოდა საკათალიკოზო საბჭოს, მაგრამ პატრიარქი იყო...

ედიშერ ქარჩავა: მე თეოლოგიურ საკითხებში არ შევდივარ. ამათი სურვილი იყო, რომ არ იყო აუცილებელი, პატრიარქი ჰყოლოდა ეკლესიას.

ტაბულა: ეს იყო სოსო ოხანაშვილის, მეუფე პეტრეს და სხვათა სურვილი?

ედიშერ ქარჩავა: არამარტო მათი. ათას რაღაცას საუბრობენ, საკათალიკოსო საბჭო და ა.შ. ეს არ არის მნიშვნელოვანი.

ტაბულა: მეუფე პეტრემ განაცხადა, პატრიარქისგან გათავისუფლებას კი არ ვცდილობდით, პატრიარქს ვათავისფულებდით ბოროტი ძალებისგანო...

ედიშერ ქარჩავა: ბოროტი ძალებისგან როგორ ათავისუფლებდა, პატრიარქის მოკვდინება და მისი ტახტიდან ჩამოგდება უნდოდა. როგორ იცავდა პატრიარქს? ბრალს ვუყენებ ეპისკოპოსს. გიჟი ვარ, რომ ამაზე მტკიცებულებები არ მქონდეს?

ტაბულა: რა სახის არის ეს მტკიცებულებები?

ედისერ ქარჩავა: რა სახის არის ეს მტკიცებულებები, მეუფე პეტრემ კარგად იცის და ჯობია, თქვას.

ტაბულა: გაჩნდა მოსაზრება, რომ თქვენ ასეთ ბრალდებას ვერ წაუყენებდით მეუფე პეტრეს, საქართველოს პატრიარქის ნებართვის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ამბობთ, პირად პოზიციას გამოხატავთ. კათოლიკოს-პატრიარქი იყო საქმის კურსში, რომ ამ ბრალდების წაყენებას აპირებდით?

ედიშერ ქარჩავა: პირდაპირ დაწერეთ, კათოლიკოს-პატრიარქი საქმის კურსშია მის უკანონო ქმედებებთან და მის მოკვდინებასთან დაკავშირებით. დიახ, მეუფე პეტრეს მხრიდან მის მოკვდინებასთან დაკავშირებით კათალიკოს-პატრიარქი საქმის კურსშია.

კომენტარები