დევნილების დახმარება

ევროპული საქართველოს ინიციატივით, 31 ათას დევნილს შემწეობის მიღების უფლება მიეცემა

ტაბულა

პარლამენტი განიხილავს პარტია ევროპული საქართველოს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მხარდაჭერის შემთხვევაშიც 31 ათას სოციალურად დაუცველ დევნილს დევნილობის შემწეობის მიღების უფლება მიეცემა. ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტით ასევე 45 ლარიდან 60 ლარამდე იზრდება დევნილთა შემწეობა.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად საქართველოში 273, 400 დევნილია რეგისტრირებული. ამ დევნილებიდან შემწეობას 224 ათასი პირი იღებს.

კანონპროექტის მიხედვით, 31 ათასი დევნილი სოციალურად დაუცველია და სოციალურ დახმარებას იღებს, ამის გამო კი მათ მოქმედი კანონმდებლობა დევნილის შემწეობის მიღების უფლებას არ აძლევს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ცვლილებას მხარი დაუჭირა, ჯანდაცვის კომიტეტი კი ცვლილების წინააღმდეგია.

ცვლილებების მიხედვით, დევნილის დასაბეგრი შემოსავლის ოდენობის ზღვარი ნაცვლად 1250 ლარისა, 1500 ლარამდე გაიზრდება. ასევე ცვლილებები დევნილის სტატუსის მინიჭებასაც შეეხება, რომლის მიხედვითაც, სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იქნება არა მოქალაქის ქმედებებზე, არამედ სტატუსის მინიჭება პროაქტიულად მოხდება.

ევროპული საქართველოს გათვლებით, დევნილთათვის შემწეობის 15-ლარიან ზრდას წელიწადში 40 მილიონი ლარი დასჭირდება. სოციალურად დაუცველი დევნილებისთვის დევნილობის შემწეობის მინიჭება კი ბიუჯეტს წელიწადში 70 მილიონი ლარი დაუჯდება.

კომენტარები