სასამართლო სისტემა

საიამ და TI-მ იუსტიციის საბჭოს მონიტორინგის ანგარიში პროტესტის ნიშნად არ წარადგინეს

არასამთავრობო ორგანიზაციები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში პროტესტის ნიშნად არ წარადგინეს. დღეს დაგეგმილი პრეზენტაციის დაწყებისას საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ სამოქალაქო სექტორი არ აპირებს სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე მშვიდად საუბარს. არასამთავრობოთა განცხადებით, ანგარიშების პრეზენტაციებით ვითარება არ იცვლება. მათი თქმით, ხელისუფლებისგან სრულყოფილ სასამართლო რეფორმას ითხოვენ.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გუშინ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნით ნათლად გამოჩნდა თუ რას უჭერს მხარს სასამართლოში პოლიტიკური ხელისუფლება. საია და საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო პარლამენტში შეხვედრებს და რეფორმაზე მუშაობას ითხოვენ. 

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის წარმოდგენა და დავარცხნა და მშვიდად საუბარი იმაზე, როგორ ინგრევა სისტემა, იქნება ძალიან არასწორი და არაადეკვატური ნაბიჯი. ჩვენ არ ვაპირებთ, შევქმნათ სურათი, თითქოს პროგრესი არის, მაგრამ გარკვეული ხარვეზები რჩება, იმიტომ, რომ ეს ასე არ არის და არ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მოსმენა იმ მესიჯის, რომელსაც უკვე არაერთი დღეა და წლებია ვისმენთ ხელისუფლებისგან, რომ "სასამართლო სისტემა ერთ ღამეში ვერ შეიცვლება". ეს ჩვენც ძალიან კარგად ვიცით. რეფორმა არ დგას სწორ გზაზე, ეს არის ძალიან ცხადი და ნათელი და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პოლიტიკურმა გუნდმა, საკანონმდებლო ორგანომ, რომელიც უკვე წლებია ახორციელებს რეფორმებს, მაგრამ მარტივ კითხვაზე - რა შეცვალა რეფორმის სამმა ტალღამ - პასუხი არის "არაფერი" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

კომენტარები