პანამა

პანამის ყოფილი სამხედრო დიქტატორი მანუელ ნორიეგა გარდაიცვალა

AFP

პანამის ყოფილი სამხედრო დიქტატორი (1983-89 წლებში) მანუელ ნორიეგა გარდაიცვალა.

ნორიეგამ ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა.

ნორიეგას მმართველობა 1989 წელს აშშ-ის სამხედროების პანამაში შესვლის შემდეგ დაემხო. ამავე წელს, ნორეგა დააკავეს. 1992 წელს ნორიეგას ბრალი რვა მუხლით წაუყენეს, მათ შორის ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაზე. აშშ-ში მას 30 წლიანი პატიმრობა კარგი ქცევის გამო 17 წლამდე შეუმცირეს და 2007 წელს გაათავისუფლეს. ამავე წელს საფრანგეთის ხელისუფლებამ მოითხოვა ნორიეგას ექსტრადირება (1999 წელს ფულის გათეთრების საფუძველზე). 2010 წლის აპრილში საფრანგეთის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საფრანგეთში მას 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 2011 წლის დეკემბერში საფრანგეთის ხელისუფლებას ნორიეგას ექსტრადირება პანამამ სთხოვა. ნორიეგა 2012 წლიდან პანამის ციხეში იხდიდა სასჯელს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ის არაერთხელ გადაიყვანეს საავადმყოფოში. 2017 წლის იანვარში ნორიეგას ციხე შინაპატიმრობით შეუცვალეს, რათა ოპერაციისთვის მომზადებულიყო.

კომენტარები