გაუჩინარება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის ეძებენ

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის ეძებენ - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ადამიანის უფლებათა სახლის ცნობით, ჟურნალისტი ბოლოს 29 მაისს ნახეს.

"აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, ბოლოს 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა, ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს და მობილური გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ", - წერია განცხადებაში.

არასამთავრობოსვე ცნობით, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის იანავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.

კომენტარები