აფგან მუხთარლი

სესიაშვილი: ქართული ოცნების პოლიტიკური სტანდარტი არ არის ვინმეს გატაცება

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებით სახელმწიფო ინტერესები დაზიანდა. მისივე თქმით, ქართული ოცნების პოლიტიკური სტანდარტი არ არის ვინმეს გატაცება.

"მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ინტერესები დაზიანდა. ყველას, ვინ პოლიტიკური ინტერესების თუ სხვა მიზნებისთვის თითს იშვერს ქართული სპეცსამსახურების მიმართულებით, უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაზიანდებოდა სახელმწიფო ინტერესები. ქართული ოცნების პოლიტიკური სტანდარტი არ არის ვინმეს გატაცება და ისეთ სკანდალებში გახვევა, რომელიც საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს ამ თემასთან დაკავშირებით, იმედი გვაქვს, გამოძიება ძალიან მალე დასრულდება",- თქვა სესიაშვილმა.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხტარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხტარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აღსანიშნავია, რომ გამოძიება საქართველოშიცაა დაწყებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები