აფგან მუხთარლი

მუსტაფაევა ჯეჯელავაზე: მგონია, რომ მინისტრი აზერბაიჯანის დაკვეთას ასრულებს

ტაბულა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის მეუღლე ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მინისტრმა ჟურნალისტებს მოუწოდა, გადაემოწმებინათ აფგან მუხთარლის საქმიანობა და ნამდვილად იყო თუ არა ის ჟურნალისტი.

"ეს ძალიან სულელური აზრია. არ ვარ დარწმუნებული, რომ სრულ ჭკუაზე იყო, როცა ამას ამბობდა. თუ ის განათლებული ადამიანია და თუ ის საქართველოს განათლების მინისტრია შეუძლია მას, რომ დამადასტურებელი ცნობა მაჩვენოს, რომ აფგანი დაცვის სამსახურის თანამშრომელი იყო? აზერბაიჯანული მხარეც იგივეს ამბობს, რომ ის ჟურნალისტი არ იყო, მინისტრი აზერბაიჯანის ხელისუფლების სიტყვებს იმეორებს. მგონია, რომ ეს აზერბაიჯანის დაკვეთაა, რადგან შეგნებული ადამიანები სხვანაირად საუბრობენ. თუ რამე საეჭვოა მის ჟურნალისტურ საქმიანობაში, მათ შეუძლიათ მოიძიონ მისი სტატიები. აფგანი ჟურნალისტური გამოძიებების გამო დააკავეს ",-აღნიშნავს მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მისი გუშინდელი განცხადება განმარტა და თქვა, რომ აფგან მუხთარლი ნამდვილად ჟურნალისტია, თუმცა ის რადიო თავისუფლების უსაფრთხოების უფროსიც იყო.

"ეს ადამიანი აღმოჩნდა, რომ ნამდვილად ჟურნალისტია, თუმცა, ამავე დროს ის რადიო თავისუფლების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. ჟურნალისტური გამოძიებების ავტორიც არის და უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც", - თქვა ჯეჯელავამ.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს. თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებულ ჟურნალისტს აზერბაიჯანის სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა გუშინ მიუსაჯა. მუხთარლი სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ გადაიყვანეს კურდახანის წინასწარი დაკავების იზოლატორში.

კომენტარები