ბავშვთა დაცვის დღე

კვლევა - საქართველოში შეძენილი ათი სათამაშოდან, ცხრა - მავნე ნივთიერებებს შეიცავს

სახალხო დამცველმა ბავშვთა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე ანგარიში წარადგინა. ომბუდსმენმა კამპანია "უსაფრთხო სათამაშო" დაიწყო. მან სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა, რომლის თანახმადაც, საქართველოში შეძენილი და შემოწმებული 10 სათამაშოდან 9 - მავნე ნივთიერებებს შეიცავს.

„სახელმწიფოს მიერ არ არის განსაზღვრული ბაზრის ზედამხედველობის ორგანო და სათამაშოების უსაფრთხოების საკითხი სახელმწიფო კონტროლს მიღმა რჩება. მაშინ, როდესაც მავნე სათამაშოები საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის პროექტების ხელმძღვანელის ვახტანგ კობალაძის თქმით, "ზოგიერთ სათამაშოს ჰქონდა დატანილი CA, რაც არის იმის აღმნიშვნელი, რომ ეს სათამაშო შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს. თუმცა, ბევრი ასეთი სათამაშო, რომელსაც ეს ნიშანი ჰქონდა, არ შეესაბამებოდა სტანდარტებს, ანუ ფაქტობრივად, სახეზე გვქონდა ფალსიფიკაცია".

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1950 წლიდან აღინიშნება.

კომენტარები