ადგილობრივი თვითმმართველობა

პრემიერი: მუნიციპალიტეტების შემცირებით, მათი ბიუჯეტი არამც და არამც არ შემცირდება

facebook.com/KvirikashviliOfficial

მთავრობის სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გაერთიანების საკითხი განიხილეს. გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რომ თვითმმართველობის რეფორმა დინამიური ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც კორექტირებები სჭირდება.

პრემიერის განმარტებით, მუნიციპალური ბიუჯეტები გაერთიანდება და ქალაქებსა და რაიონებს არც ერთი თეთრი არ მოაკლდებათ.

"ბოლო პერიოდში იყო საკმაოდ ცხარე განხილვები და სპეკულაციებიც, რომ საფრთხე ემუქრება საქართველოში თვითმმართველობას. თვითმმართველობის რეფორმა არის დინამიური ცოცხალი ორგანიზმი. მას სჭირდება კორექტირებები, ვინაიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომლებიც ხელს უშლის თვითმმართველობის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენას და ჭეშმარიტი თვითმმართველობის განვითარებას საქართველოში. ეს გახლავთ 14 მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული პრობლემა და ჩვენ დღევანდელი ცვლილებით 14 მუნიციპალიტეტის რაოდენობას ვამცირებთ 7-მდე. ეს არამც და არამც არ ნიშნავს ბიუჯეტის შემცირებას ამ მუნიციპალიტეტებში. ეს მუნიციპალური ბიუჯეტები გაერთიანდება. როდესაც ჩვენ ქალაქის და რაიონის მუნიციპალიტეტებს გავაერთიანებთ ამ შემთხვევაში ავტომატურად დაჯამდება ის ბიუჯეტი, რომელიც არსებობდა ამ რაიონში თუ ქალაქში და არავითარ შემთხვევაში არ მოაკლდება არცერთი თეთრი", - თქვა პრემიერმა.

თვითმმართველობის რეფორმის მიზეზად კვირიკაშვილმა რაიონებში არსებული ორხელისუფლებიანობა დაასახელა და თქვა, რომ ხდებოდა ფუნქციების გაორება და დუბლირება.

"საქართველოში თვითმმართველობა აუცილებლად განვითარდება და კიდევ უფრო ჩაიშლება დაბალ მუნიციპალურ დონეებზე, ამას წინ არაფერი არ უდგას და სპეკულაციებს, რომლებსაც ჩვენ ვისმენდით მთელი ამ დღეების განმავლობაში, არანაირი საფუძველი არ გააჩნია. უფრო მეტიც, ჩვენ დღევანდელ ცვლილებებში გვაქვს გათვალისწინებული ის, რომ ყველა მერიაში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი კოლეგიური ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებს, მერიის სამსახურების უფროსებს და ამითი თავიდან იქნება აცილებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნება ყველა აუცილებელი დარგობრივი რგოლი, რაც უზრუნველყოფს საკითხების უფრო სრულფასოვან და კვალიფიციურ განხილვას და ხარისხზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას", - ამბობს პრემიერი. 

კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოებს დემოკრატიული კონტროლის რეალური ბერკეტები ექნებათ. მისი განმარტებით, გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებში იქნება მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა და მერი წარუდგენს საკრებულოებს მისი მოადგილეების, სამსახურების უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დაინიშნებიან პიროვნებები აღნიშნულ თანამდებობებზე. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ მეორე პაკეტით მუნიციპალიტეტებში დარეგულირდება არასამეწარმეო იურიდიული პირების ოპტიმიზაციის მექანიზმი. კვირიკაშვილის თქმით, მათი შექმნა გათვალისწინებული იქნება იმ პრინციპით, რომ ერთ სფეროში იქნება ერთი არასამეწარმეო იურიდიული პირი,ფუნქციების დუბლირების თავიდან ასაცილებლად.

"მნიშვნელობანია, რომ ყველა დასახლებაში გათვალისწინებულია ტერიტორიული ორგანოების შექმნა, რომლებიც კონკრეტული დასახლების საჭიროებებს და მოთხოვნებს პირდაპირ მიიტანენ მუნიციპალიტეტის მერამდე. ეს ორგანოების უზრუნველყოფენ მოქალქეების მაქსიმალურ ჩართულობას ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

ასევე, ფინანსთა სამინისტრო მუშაობს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შედგენის დროს ნორმატიული წესების შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაითვალისწინებს ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას. ეს სამუშაო მიმდინარეობს ინფრასტურქტურის და რეგიონალური მართვის სამინისტროსთან ერთად და ბიუჯეტირების პროცესშივე იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული ქვევიდან ზემოთ მომავალი პროცესი, პრიორიტეტები განისაზღვრება და ამ პრიორიტეტების მიხედვით განაწილდება არსებული რესურსები მუნიციპალიტეტების ბიუჯეტირების დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს თვითმმართველობის რეფორმის ავტორიტეტის და წარმატების გაზრდას და არა პირიქით როგორც ამაზე ზოგიერთები აპელირებენ", - თქვა პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

 

კომენტარები