ჩოგბურთი

ბასილაშვილი: ასეთი დიდი წაგებით მხოლოდ კარგი გამოცდილება შემიძლია მივიღო

NikolozBasilash / facebook.com

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის ტურნირის 1/16 ფინალში მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან, ესპანელ რაფაელ ნადალთან შეხვედრას Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

"დღეს რთული შეხვედრა მქონდა. ჩემი მოლოდინი რა თქმა უნდა დიდი იყო, მაგრამ ამ მომენტში მხოლოდ ამის მიღწევა შემეძლო. რაფას თამაშის სტილმა არ მომცა შანსი მეთამაშა ჩემი თამაში. ამ შეხვედრამ კარგად დამანახა რაზე მაქვს გაცილებით მეტი სამუშაო, რომ განვითარდე. მე აუცილებლად მჭირდება ასეთი მატჩები ასეთ ტურნირებზე. ეს ანგარიში არ არის ჩემთვის მისაღები, მაგრამ სამომავლოდ დიდ მოტივაციას მაძლევს. ასეთი შანსები, როგორიც რაფასთან როლანდ გაროსის ცენტრალურ კორტზე თამაშია, არ მოდის ადვილად, მაგრამ მე ეს გამოვიმუშავე და ეს მაჩვენებს, რომ სწორი განვითარებით მივდივარ. ასეთი დიდი წაგებით მხოლოდ კარგი გამოცდილება შემიძლია მივიღო",-წერს ჩოგბურთელი.


ფოტო: NikolozBasilash / facebook.com

ნიკოლოზ ბასილაშვილმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, რაფაელ ნადალს კი გამარჯვება მიულოცა.

"მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის. ასევე, მსურს კიდევ ერთხელ მივულოცო რაფას დღევანდელი გამარჯვება და მომავალ თამაშებში წარმატებები ვუსურვო, ის ნამდვილად იმსახურებს როლანდ გაროსის მე-10 ტიტულს",-წერია ბასილაშვილის ოფიციალურ Facebook-ზე.

როლან გაროსის 1/16 ფინალში ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანთან, რაფაელ ნადალთან სამ სეტში ანგარიშით 0-6, 1-6, 0-6 დამარცხდა.

კომენტარები