აფგან მუხთარლის საქმე

ხოშტარია მუხთარლიზე: ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ კითხვებს პასუხი გასცენ

ტაბულა

ევროპული საქართველო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრისა და სუს-ის უფროსის პარლამენტში მისვლას ითხოვს. პარტიის წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, მინისტრებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვებს და ასევე უნდა გაასაჯაროვონ ჩანაწერები. 

"ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ გასცენ კითხვებს პასუხი. თუ ეს გაუვიდა ხელისუფლებას, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა მოქალაქე, ყველა პოლიტიკოსი ხელს ვაწერთ რომ ჩვენი სახელმწიფო არ არსებობს. აღარ ვლაპარაკობ იმ საერთაშორისო ზიანზე, იმ მორალურ მხარეზე, რომელიც წარმოუდგენელია ამ სიტუაციაში. ჩვენ მოვითხოვეთ შს მინისტრის და სუს-ის უფროსის მოსვლას პარლამენტში, რომ სერიოზულად გასცენ პასუხი ყველა კითხვას და გაასაჯაროონ ჩანაწერები." - ამბობს ხოშტარია. 

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.

ამჟამად მუხთარლი 3-თვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

კომენტარები