თავისუფლების აქტი

კობახიძე: კონსტიტუციიდან "თავისუფლების აქტის" ამოღებაზე სერიოზული მსჯელობა იქნება

ტაბულა

"ამ საკითხზე პარლამენტში სერიოზული მსჯელობა იქნება. როგორი სახით შეიძლება რეგულაცია, ბოლომდე იქნება ამოღებული, გარკვეული ვადით განისაზღვრება, თუ როგორ", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, კონსტიტუციის 94-ე მუხლზე, ანუ ეკონომიკური თავისუფლების აქტზე. 

მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამ თავისუფლების აქტის გაუქმებას მხარს არ უჭერს. ქართული ოცნების მიერ მომზადებულ კონსტიტუციის პროექტში გარკვეულწილად იცვლება დღეს მოქმედი ჩანაწერის სტრუქტურა და ის 94-ედან 67-ე მუხლში გადადის, თუმცა ამ მუხლის შინაარსი უცვლელია. თუმცა როგორც ირკვევა, კონსტიტუციის საბოლოო პროექტში ქართულმა ოცნებამ თავისუფლების აქტი შესაძლოა აღარ შეიტანოს.

ეკონომიკური თავისუფლების აქტის გაუქმებას პრეზიდენტი მხარს უჭერს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი შეხვდა იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ მუხლის გაუქმებას მხარს უჭერენ. გიორგი მარგველაშვილს თავად ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მისი მდივანის თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საგადასახადო პოლიტიკა სრულად მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს და ამ პროცესში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ შეიძლება.

რა არის თავისუფლების აქტი და რა უფლებას ანიჭებს ის მოსახლეობას:

2010 წელს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ამ პროცესის უფრო დეტალური გაწერისთვის შეიქმნა ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის. აღნიშნული ჩანაწერი ძალაში 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა. ამ მომენტიდან კონსტიტუციამ მოსახლეობას მიენიჭა ახალი უფლება, რომლითაც მათ შეუძლიათ განსაზღვრონ დაუჭირონ თუ არა მხარი გადასახადების ზრდას.

ორგანული კანონი მთავრობას ასევე ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ გადააჭარბოს 60%-ს; ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მუხლი გაუქმდება იქმნება იმის საფრხე, რომ ქვეყანაში გაიზარდოს საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი, ბიზნესისა და მოსახლეობისთვის გაიზარდოს გადასახადების დონე, რასაც თავისმხრივ ეკონომიკური ზრდის შენელება მოჰყვეს. 

კომენტარები