აფგან მუხთარლის საქმე

აფგან მუხთარლის ცოლს და შვილს დაცვა დაენიშნა

ლეილა მუსტაფაევა
ტაბულა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ცოლს ლეილა მუსტაფაევასა და მათ მცირეწლოვან შვილს დაცვა დაენიშნა. ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში გადაწყდება საქმეში მოწმეთა დაცვის საკითხიც. 

”გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დაცვა დაენიშნება ქალბატონ ლეილას და მის მცირეწლოვან შვილს. ასევე შეეძლებათ, გამოიყენონ განგაშის ზარი" - აღნიშნა ჩოფიკაშვილმა. 

თბილისის ძველი პოლიციის #1 განყოფილებაში ლეილა მუსტაფაევა ადვოკატთან ერთად დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აფგან მუხთარლის აზერბაიჯანულმა სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აფგან მუხთარლის ადვოკატები მოითხოვენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფის საქმე მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეს ამჟამად ძველი თბილისის პოლიციის სამმართველო იძიებს.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხტარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები