კომიტეტის სხდომაზე მუხთარლისთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდამჭერი პერფორმანსი დადგეს. ისინი, როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა, მათ პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

სხდომაზე შელაპარაკება მოხდა მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატ სერგო რატიანსა და კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს შორის. 

"ყველამ რომ გაიგო, რომ ჟურნალისტი არის გატაცებული, თქვენმა ვიცეპრემიერმა ბოლომ გაიგო და ამტკიცებდა, რომ ის ჟურნალისტი არ არის. ეს თავისთავად ბევრზე მეტყველებს. თქვენ ამბობთ, რომ დღეს არ იქნება დაყენებული ეს საკითხი, მაინტერესებს კომიტეტის წევრებისგან, რამდენი დრო გჭირდებათ იმისათვის, რომ გაარკვიოთ თქვენი ხელისუფლება რამდენად ადეკვატურად იქცევა", - მიმართ რატიანმა კილაძეს. კომიტეტის თავმჯდომარემ კი ის შოუს დადგმაში დაადანაშაულა. 

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხტარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხტარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანულმა სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები