საჯარო ფინანსები

მთავრობას 3 677 ავტომობილი ეკუთვნის, მათ 2016 წელს 53 მილიონის ბენზინი დაწვეს

TOYOTA LandCruiser 200
polyair.com.au

საქართველოს მთავრობის საკუთრებაში 3 677 ავტომობილია, მათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ანგარიშის (PDF დოკუმენტი) მიხედვით, გასულ წელს 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საწვავი დაწვეს.

ამ 3 677 ავტომობილიდან, 1 488 მაღალი გამავლობისაა (ჯიპი). აღნიშნულ სტატისტიკაში არაა შესული სპეციალური სარგებლობის ტექნიკა (სატვირთოები, ტრაქტორები და სხვა) და ის მხოლოდ მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილებისგან შედგება. 

სამინისტროების მიხედვით ავტოპარკი ასე გამოიყურება: 

  • შსს - 1214 ავტომობილი
  • გარემოს დაცვის სამინისტრო - 400 ავტომობილი
  • განათლების სამინისტრო - 390 ავტომობილი
  • ჯანდაცვის სამინისტრო - 378 ავტომობილი
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 331 ავტომობილი
  • სასჯელაღსრულების სამინისტრო - 284 ავტომობილი
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 154 ავტომობილი
  • ეკონომიკის სამინისტრო - 117 ავტომობილი
  • კულტურის სამინისტრო - 102 ავტომობილი
  • პარლამენტი - 98 ავტომობილი
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 48 ავტომობილი
  • ფინანსთა სამინისტრო - 39 ავტომობილი
  • დევნილთა სამინისტრო - 36 ავტომობილი
  • იუსტიციის სამინისტრო - 34 ავტომობილი
  • სპორტის სამინისტრო - 29 ავტომობილი 
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 25 ავტომობილი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კონტროლირებული საბიუჯეტო ორგანიზაციების ჩათვლით, ბალანსზე ერიცხება 233 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება და 40 ერთეული სასწავლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა, რომელთა გამოყენება 2016 წლის განმავლობაში საერთოდ არ მომხდარა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს "საწვავ/საპოხი მასალების შეძენის ხარჯის" მუხლიდან გაცემული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა წინა წელთან შედარებით 7.8 მილიონით შემცირდა და 53.4 მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა, საყურადღებოა, რომ აღნიშნული მუხლი არასრულად ასახავს ამ მიზნობრიობით გახარჯული სახსრების მთლიან ოდენობას, რამდენადაც გარკვეული საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში ადგილი აქვს საწვავის ხარჯების გაწევას სუბსიდიების „სხვა დანარჩენი ხარჯის“ მუხლიდანაც. თუმცა, რადგანაც ხაზინის მონაცემებში განცალკევებულად არ არის წარმოდგენილი აღნიშნული მუხლიდან გაწეული ხარჯები, ვერ ხერხდება ჯამურად წლის განმავლობაში საწვავზე მიმართული საბიუჯეტო სახსრების ოდენობის დადგენა.

ანგარიშის მიხედვით ერთ ავტომობილზე წლის მანძილზე გაწეული ხარჯები ძირითადად 4.3 ათასიდან 7.8 ათას ლარამდე მერყეობს.

კომენტარები