პრეზიდენტი მუხთარლიზე: არაადეკვატური კომენტარები საზიანოა ქვეყნისთვის

გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე ფიქრობს, რომ საზიანოა ქვეყნისთვის, როდესაც საზოგადოება "არაადეკვატურ კომენტარებს" ისმენს. ბრიფინგი პრეზიდენტის სპიკერმა ეკა მიშველაძემ გამართა.

"პრეზიდენტის მოსაზრება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაზე - ცხადია, რომ ამ სამწუხარო ფაქტმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად დააზიანა. ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ჟურნალისტებს დევნიან, სადაც ადამიანებს იტაცებენ და სადაც ადამიანის უფლებები დაუცველია. ამასთანავე, ეს არის ის მაღალი სტანდარტი, რომლითაც სახელმწიფომ უნდა იფუნქციონიროს.

დღეს ჩვენ ყველანი - ხელისუფლებაც და საზოგადოებაც, ვიმყოფებით ამ შელახული იმიჯის დაძლევის კრიზისულ ეტაპზე და რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება პროცესი, რაც უფრო ხშირად მოისმენს საზოგადოება არაადეკვატურ კომენტარებს, მით უფრო საზიანოა ეს ქვეყნისთვის. ყოველი დღე, რომელიც პასუხს არ სცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, კიდევ უფრო მეტად აყენებს ზიანს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას", - თქვა პრეზიდენტის სპიკერმა.

კომენტარები