რეკლამა

Art Weekend - საინტერესო პროექტი თავისუფალ უნივერსიტეტში

უკვე მეოთხე წელია, რაც თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა Art Weekend-ს ატარებს. ეს ის დროა, როცა ლექტორებს - სპიკერები, აუდიტორიას - ეზო, სკამებს კი პუფები ანაცვლებს. ამ ღონისძიების წლევანდელი ლაინაფიც ისეთივე გამორჩეული და ფერადია, როგორც - თვითონ Art Weekend.

9, 10 და 11 ივნისს თავისუფალი უნივერსიტეტი ელის ყველას, ვისაც აინტერესებს ეროტიკა და პოეტიკა ანდაც ის - უნდა იყოს თუ არა თანამედროვე ლიტერატურა აქტუალური. Art weekend გელით თქვენც, ვინც "კაცების შოუს" წამყვანების ერთად ნახვას აგერ უკვე წელიწად-ნახევარია ელით.

თუ წიგნისა და მისი ეკრანიზაციის შედარება თქვენი საყვარელი საქმეა, მაშინ ჯერ ლევან გიგინეიშვილის ლექციას მოუსმინეთ "ნუ მოკლავ ჯაფარას" შესახებ და შემდეგ - უყურეთ ფილმს. Art Weekend-ის ფარგლებში ტელევიზიისა და TV-შოუების ძალაზეც მოუსმენთ საინტერესო ამბებს მიშა მშვილდაძისგან. თუ გინდათ გაიგოთ, რატომ სძულს ამ ღონისძიების ორ სპიკერს, უცნობი მუსიკის წამყვანებს Pink Floyd და თან ფსიქოდელიაზე, იმპროვიზაციასა და ანდერგრაუნდზეც გსურთ ლექციის მოსმენა, მაშინ არ უნდა გამოტოვოთ ეს პროექტი.წინა წლების მსგავსად, წლევანდელი Art Weekend-იც მუსიკით დაიხურება. ჯგუფი "არას" ცოცხალი შესრულება დასწრების კიდევ ერთი მიზეზია.

უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალი სრულიად მოხალისეობრივია როგორც სტუდენტების, ასევე, სპიკერებისა და შემსრულებლების მხრიდან და საინტერესო ამბებსა და არასტანდარტული ტიპის ლექცია-დისკუსიებს ემსახურება.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველას განურჩევლად საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი ნიშან-თვისებებისა.

კომენტარები