ენერგეტიკა

BGEO ჯგუფმა სვანეთში 50-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა დაიწყო

.facebook.com/kakhakaladzeofficial

BGEO ჯგუფმა სვანეთში 50-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. მესტიაჭალა 1 და მესტიაჭალა 2-ის საინვესტიციო ღირებულება $65 მილიონია და არსებული გეგმის მიხედვით, მისი მშენებლობა 2018 წლისთვის უნდა დასრულდეს.

"მესტიაში, ჰესების მშენებლობა შეადგენს საქართველოში BGEO ჯგუფის განახლებადი ენერგიის პლათფორმის ნაწილს. გეგმის მიხედვით, ხსენებული პლათფორმა მოიცვას ჯამში 100 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის მქონე საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურებს და 20-20 მგვტ სიმძლავრის მქონე ქარისა და მზის ელექტოსადგურებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში დიდი პოტენციალია ქარისა და მზის ენერგიის კუთხით. საერთო ჯამში, „ბიჯეო“ ჯგუფი შემდეგი 5-დან 7 წლის განმავლობაში, მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, სწორედ ენერგეტიკის სფეროში“-განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

პროექტისთვის საფუძვლის ჩაყრას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც დაესწრო, მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას გაზრდის.

ამ პროექტს სს "სვანეთი ჰიდრო" განახორციელებს. მშენებლობა განხორციელდება დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, კაშხლის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე, სადაწნეო მილსადენის პრინციპით, რაც გამორიცხავს პროექტის მნიშვნელოვან ზეგავლენას გარემო პირობებზე.

ჰესების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ენერგოსისტემას 175 მლნ კვტ/სთ შეემატება.

„მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

სს „სვანეთი ჰიდროსა“ და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სს „სვანეთი ჰიდრო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თავისი ინიციატივით განახორციელებს დაბა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებას, რისთვისაც გამოიყოფა დაახლოებით 600 000 ლარი.

ამასთან, პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება მესტიის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები, რაც წინასწარი გათვლებით პროექტის გაშვებიდან პირველივე წელს თანხობრივად შეადგენს დაახლოებით 1 500 000 ლარს (ქონების გადასახადი და მიწით სარგებლობის გადასახადი).

აღნიშნულ პროექტს ახორციელებს სს“ სვანეთი ჰიდრო“, რომლის დამფუძნებლებიც არიან სს“ საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ (65%) და ენერგეტიკულ სექტორში 30 წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიული კომპანია RP Global Investment (35%).

ხოლო თავის მხრივ „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ წარმოადგენს საინვესტიციო ჯგუფი "ბიჯეო“-ს შვილობილ კომპანიას.

კომენტარები