ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები

უდუმაშვილი: მაქვს ენმ-სგან შემოთავაზება - ვიყარო კენჭი თბილისის მერის პოსტზე

rustavi2.ge

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან მიიღო შეთავაზება 2017 წლის თბილისის მერის არჩევნებზე პარტიის სახელით, საკუთარი კანდიდატურა დააყენოს.

"სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს გეტყვით, ვადასტურებ, რომ მაქვს შეთავაზება, კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა, გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ ოფიციალურად",-აღნიშნა უდუმაშვილმა.

ენმ-ს შემოთავაზებაზე უდუმაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, კიევიდან დაბრუნების შემდეგ ისაუბრა. უდუმაშვილის თქმით, კიევში მას შეხვედრა ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან, მათ შორის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.

"უკრაინაში პარტიის ლიდერებთან მქონდა შეხვედრა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთან. ეს შეთავაზება არის ნაციონალური მოძრაობისგან. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ვიყრი თუ არა კენჭს თბილისის მერად, ვიქნები ნაციონალური მოძრაობის თუ დამოუკიდებელი კანდიდატი",-თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველო თბილისის მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარიას წარადგენს, მმართველი გუნდის სავარაუდო კანდიდატი კი ვიცეპრემიერი კახა კალაძე იქნება.

კომენტარები