საჯარო ფინანსები

2016 წელს 251 მილიონის დანამატი და 67 მილიონის პრემია გაიცა

iStockPhoto

2016 წლის ბიუჯეტით საჯარო სამსახურში დასაქმებულთა სახელფასო ფონდი 1.45 მილიარდ ლარს შეადგენდა, თუმცა ფაქტობრივად გაწეულმა დანახარჯმა ამაზე გაცილებით მეტი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის (PDF დოკუმენტი) მიხედვით, 2016 წელს საჯარო მოხელეებზე გაცემულმა დანამატებმა 251 მილიონი, პრემიებმა კი 67 მილიონი შეადგინა. ჯამში კი სახელფასო ფონდი 1.62 მილიარდ ლარს შეადგენდა.

აუდიტის ანგარიში აჩვენებს, რომ საჯარო უწყებები სულ უფრო მეტად ერიდებიან მათ თანამშრომლებზე პრემიების გამოწერას, მის სანაცვლოდ კი მათ სახელზე დანამატებს წერენ.

2014-2016 წლებში პრემიების და დანამატების დინამიკა ასე გამოიყურება:

პრემიები

  • 2014 - 106 მილიონი ლარი
  • 2015 - 73 მილიონი ლარი
  • 2016 - 67 მილიონი ლარი

დანამატები

  • 2014 - 182 მილიონი ლარი
  • 2015 - 230 მილიონი ლარი
  • 2016 - 251 მილიონი ლარი

2014 წელს მთავრობამ პრემიებთან დაკავშირებით გამოსცა დადგენილება - "საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ." მისმა ამოქმედებამ, შეზღუდა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე პრემიის სახით გაცემული თანხების ოდენობა, თუმცა ამავე დროს, აღნიშნული რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ, ზრდის ტენდენციით ხასიათდება დანამატის სახით გაცემული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა.

კომენტარები