გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

თარგამაძე: გამოძიება დამხვდა თითქმის იმავე ნიშნულზე, როგორც წინა შეხვედრისას

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა გივი თარგამაძემ პროკურატურა დატოვა. მისი თქმით, გამოძიება წინ თითქმის არაა წასული. თარგამაძე უწყებაში საკუთარი ინიციატივით იყო მისული.

"გამოძიება დამხვდა თითქმის იმავე ნიშნულზე, როგორც წინა შეხვედრისას. ოდნავ მეტი იყო გაკეთებული მეორე მონაწილე პირის მიმართულებით, თუმცა, აქამდე ვერ ჩათვალეს ეს საკმარისად მისთვის ბრალის წარსადგენად. მე მივაწოდე დამატებითი მასალები და მაქვს იმედი, ეს იქნება საკმარისი ამ მეორე პირისთვის ბრალის წარსადგენად. შესაბამისად, შესაბამის სამსახურებს მიეცემათ საშუალება, აწარმოონ ოპერატიული მოქმედება", - თქვა თარგამაძემ.

თარგამაძემ პროკურატურაში შესვლამდე თქვა, რომ გამოძიებას მისი აფეთქების საქმეში მონაწილე პირების ადგილსამყოფელთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიდა, თუმცა, მას მედიასთან არ უსაუბრია მათი ვინაობის შესახებ.

2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე, რომელიც იმ დროს პარლამენტის დეპუტატი იყო, გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნება.

კომენტარები