საკონსტიტუციო ცვლილებები

პრემიერი: მიწაზე საკუთრების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს შეიძლება, ჰქონდეს

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, კონსულტაციების შედეგად, მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო კომისიას მიმართოს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კონსტიტუციაში უნდა გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ გასხვისდება.

"ფორმულირება იქნება შემდეგი - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი პირდაპირ ეხმიანება იმ მოთხოვნას, რომელიც ჩვენს მოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობას გააჩნია და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს მმართველმა გუნდმა" - განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ქართული ოცნების მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ამ დროისთვის სასოფლო სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით ასეთი ჩანაწერი არსებობს - "მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი".

ქართულმა ოცნებამ რამდენიმე დღის წინ წარადგინა ამ ორგანული კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც უცხოელს ქვეყანაში სასოფლო დანიშნულების მიწის შეძენა მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში, გამგეობის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეეძლება. კობახიძის თქმით, აღნიშნული მოდელი იარსებებს იქამდე, სანამ კონსტიტუციის განახლებული ჩანაწერი შევა ძალაში, მის შემდგომ კი, უცხოელებს სასოფლო დანიშნულების მიწების შესყიდვა სრულად აეკრძალებათ.

კომენტარები