საარჩევნო სისტემა

კობახიძე: ვენეციის კომისიის დასკვნაში გარკვეული ტექნიკური ხარვეზებია და ვაზუსტებთ

parliament.ge

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში გარკვეული ტექნიკური ხარვეზებია და დოკუმენტი სწორედ მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც ქართული ოცნება დეტალებს კომისიასთან დააზუსტებს.

"ჩვენ გვაქვს წინასწარი დოკუმენტი ვენეციის კომისიის მხრიდან გამოგზავნილი. მათ ვუგზავნით ჩვენს კომენტარებს იმისათვის, რომ დაზუსტდეს - დასკვნაში არის გარკვეული ტექნიკური ხარვეზები. ეს არის 2-3 დღის საქმე, ამის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი ეს დოკუმენტი ფართო საზოგადოებისთვის", - ამბობს კობახიძე და აზუსტდებს, რომ "არის გარკვეული გაუგებრობები თარგმანთან დაკავშირებით".

კობახიძისვე თქმით, მიღებული რეკომენდაციები ქართული ოცნების მიდგომებს შეესაბამება.

"რეკომენდაციები შეესაბამება ჩვენს მიდგომას, ეს შემიძლია, ზოგადად გითხრათ. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ამის უფლება არ გვაქვს ჯერ მიღებული ჩვენ ვენეციის კომისიისგან, თუმცა, იმ ზოგად მიდგომას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, შეესაბამება ვენეციის კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები. მათ შორის ბონუსის ნაწილში.

ბონუსთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ზოგადი კრიტიკული შენიშვნა ვერ იქნება. საუბარია იმაზე, რომ ბონუსი შეიძლება, გახდეს მკაფიოდ განსაზღვრული, დაწესდეს ზედა ზღვრები. ეს არის ჩვენი მიდგომა და, ალბათ, ეს მიდგომა იქნება ასახული ვენეციის კომისიის დასკვნაში. ეს სულისკვეთება არის ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები. მთავარი ამოცანა ჩვენთვის არის ის, რომ გარკვეული დოზით სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი, თუმცა, მეორე მხრივ, ბონუსმა, თეორიული ვარიანტები შეგვიძლია, განვიხილოთ, არ უნდა გამოიწვიოს ზედმეტად დიდი დაშორება თანასწორობის პრინციპიდან, ეს არის ჩვენი მიდგომა და ეს იქნება ასახული ვენეციის კომისიის დასკვნაში.

როგორც კი უფლებას მივიღებთ ვენეციის კომისიის მხრიდან, რომ ფართო წრეს გავუზიაროთ ეს დოკუმენტი, მაშინვე გახდება ბუნებრივია ფართო განხილვის საგანი. ჩვენ მივიღეთ ეს დოკუმენტი იმისთვის, რომ კომენტარები მივაწოდოთ ვენეციის კომისიას", - თქვა კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში, რომელიც ტაბულას წყარომ მიაწოდა, კომისია მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას იწუნებს.

კომენტარები