სოფლის მეურნეობა

ეკა ბესელია: მიწების უცხოელებზე მიყიდვაზე მორატორიუმს ვაცხადებთ

ტაბულა / ტაბულა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, ორშაბათიდან პარლამენტი დაიწყებს უცხოელებზე მიწების მიყიდვასთან დაკავშირებით მორატორიუმზე მსჯელობას. პარლამენტი ახალი კონსტიტუციის მიღებამდე გამოაცხადებს მორატორიუმს, რომლითაც უცხოელებზე მიწების მიყიდვას აკრძალავს. ეს ქართული ოცნების მიერ ამ საკითხზე შექმნილი მეორე მორატორიუმი იქნება. ეკა ბესელიას თქმით, პარლამენტი უკან გამოიწვევს იმ კანონპროექტსაც, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებს მიწების შესყიდვის თეორიულ უფლებას უნარჩუნებდა.

"ინიცირებული იყო პროექტი ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ახლა მზადდება შესაბამისი პროცედურით ამ პროექტის უკან გამოწვევის თაობაზე შესაბამისი წერილი და დღეს დავარეგისტრირებთ ახალ ცვლილებას ორგანულ კანონში, რომლითაც მორატორიუმს გამოვაცხადებთ სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების მუხლზე და მისი გამოცხადების წინაპირობა იქნება კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედებამდე ანუ კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე იქნება მორატორუმი გამოცხადებული და ამ დროის განმავლობაში, შეჩერდება ყოველგვარი გასხვისება სასოფლო სამეურნეო მიწების. ასევე მოკლე ვადაში შემუშავდება ცვლილებები იმ საბოლოო ფორმულირებით, რომელიც იქნება შესაბამისი საკონსტიტუციო ჩანაწერის.

მორატორიუმი შეეხება იმ მუხლს, რომელიც დღეს მოქმედ ორგანულ კანონში მიწების გასხვისების შესაძლებლობას ტოვებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ამიტომ ამ წესთან დაკავშირებით იქნება შემოთავაზებული ცვლილება, შეჩერდეს ამ ნორმის მოქმედება, ვიდრე კონსტიტუციური ცვლილება არ შევა ძალაში. ამავე დროს, ასევე მოკლე დროში მომზადდება ახალი ცვლილება ორგანულ კანონში. მორატორიუმი ერთხელ იყო გამოცხადებული წინა პარლამენტში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, საფუძველი სამართლებრივი სხვა იყო, ამჯერად სხვა საფუძველი იქნება მითითებული და ეს არის კონსტიტუციური ჩანაწერი, კონსტიტუცია უნდა იყოს სწორედ საბოლოო ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს მიწებზე საკუთრების სუბიექტებს, ყველა სხვა კანონი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას, ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მორატორიუმით სწორედ იმ მუხლის შეჩერებას მოვითხოვთ, რომელიც შესაძლებლობას ტოვებს, მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე განსხვისების.

ამას ვაკეთებთ სწორედ იმ საფრთხეების გამო, რომელიც ბოლო დროს გახდა მზარდი, ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც უცხოელები ინტერესდებიან სასოფლო სამეურნეო მიწების შეძენით. მოქმედი კანონით არის ასეთი შესაძლებლობა და ყველაზე მოკლე გზა, სწრაფი გადაწყვეტილება, რომელიც დააზღვევს ამ საფრთხეებს და შეაჩერებს, იქნება სწორედ ამ ნორმის შეჩერება, რომელიც შესაძლებლობას ტოვებს უცხო ქვეუნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების", - ამბობს ბესელია.

2013 წლის 28 ივნისს ქართული ოცნების უმრავლესობამ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის შედეგადაც, უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის შესყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აეკრძალა. ანუ, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელის მიერ შესყიდვაზე ე.წ. მორატორიუმი გამოცხადდა. ცვლილების შედეგად მრავალ პირს საკუთრების უფლება შეეზღუდა, რის გამოც ერთ-ერთმა მათგანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო და ის გააუქმა.

პრემიერმა და პარლამენტის თავმდჯომარემ დღეს წარადგინეს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვითაც უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობის უფლება ჩამოერთმევათ. კონსტიტუციის ამ ჩანაწერის ძალაში შესვლის შემთხვევაში სოფლის მეურნეობაში ჩადებული უცხოური ინვესტიციები სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

კომენტარები