მეცხვარეობა

მთავრობის ინიციატივით, უცხოური ცხვრის ქართულ ცხვარში შერევა მკაცრად დაისჯება

animalsaustralia.org

უცხოური ცხვრის ქართულ ცხვარში შერევა და მისი ექსპორტზე ქართული სახელით გატანა მკაცრად დაისჯება - ამის შესახებ დღევანდელი მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, ქართულ ცხვარში უცხოური ცხვრის შერევა, ვეტერინარული თვალსაზრისით, რისკების მატარებელია.

„საკითხი უკავშირდება კარანტინის წესების გამკაცრებას. თქვენ იცით, რომ სამწუხაროდ, არსებობდა პრაქტიკა, როდესაც საქართველოში ხდებოდა უცხო, მეზობელი ქვეყნებიდან ცხვრის შემოყვანა. იყო შემთხვევები, როდესაც ქართულ ცხვარში შერევა ხდებოდა. ქართულ ცხვარში უცხოური ცხვრის შერევა რისკებს ატარებს ვეტერინარული თვალსაზრისით. კარანტინის წესების დარღვევა საკმაოდ მკაცრად დაისჯება", - ამბობს დავითაშვილი.

მინისტრის თქმით, სანქციების გამკაცრების შემდეგ გამოირიცხება ექსპორტზე უცხოური ცხვრის ქართული სახელით გატანის შემთხვევები.

„ფაქტიურად გამოირიცხება შემთხვევები, როდესაც ქართული სახელით უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვარი ქართულს შეერევა და გავა საქართველოდან ექსპორტზე. საქართველოს განსაკუთრებით მაღალი კეთილსაიმედოობა აქვს ვეტერინარული თვალსაზრისით, ქართულ ცხვარს აქვს საკმაოდ კარგი ხარისხობრივი თვისებები. ჩვენ ჩვენი ინდუსტრია უნდა დავიცვათ მაქსიმალურად, უნდა დავიცვათ მეცხვარეთა, ფერმერთა ინტერესები. შესაბამისად, იმ ბაზრებზე წვდომა, რაც ბოლო წლებში გაუჩნდათ, ჩვენი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, უნდა იყოს მყარი და მდგრადი. ეს ცვლილებები ამას უზრუნველყოფს, ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მეცხვარეობის სექტორის განვითარებისთვის.“ - ამბობს დავითაშვილი.

კომენტარები