კრიმინალი

აშშ-ში დაკავებულებს შორის სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან

ავთანდილ ხურციძე
http://www.boxingscene.com

აშშ-ში დაკავებულ ქართველებს შორის სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან. მსოფლიო კრივის ორგანიზაციის მიხედვით, ავთანდილ ხურციძე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია, ხოლო ლევან მაყაშვილი - შერეული ორთაბრძოლების, UFC-ს მებრძოლი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათი დაკავების მიზეზებს არკვევს, სპორტის მინისტრი დავით ხეჩიკაშვილი კი, შსს-ს ინფორმაციას ელოდება. თავად მოკრივე ავთანდილ ხურციძე დაკავებას "დიდ გაუგებრობას" უწოდებს. 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ნიუ-იორკში 33 ადამიანი, მათ შორის 15 ქართველი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად რუსული კრიმინალური დაჯგუფების წევრობა ედებათ.

დაკავებულ ქართველებს შორის, ე.წ. კანონიერი ქურდები: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა, ნაზო გაფრინდაშვილი, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავა ფიგურირებენ. მათ ბრალი რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ედებათ. 

"ჩვენ ბრალდება წავუყენეთ რუსული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების 33 წევრს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით უამრავი დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილი. ამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულები მოიცავს: მკვლელობას, ძარცვას, ჰაკერულ შეტევებს კაზინოს აპარატებზე", - თქვა მანჰეტენის პროკურორმა.

ბრალდების ოქმში ისიც მითითებულია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას უშუალო მითითებით მოქმედებდა.

კომენტარები