რუსთავი 2

ჩერგოლეიშვილი: R2-ში მიმდინარე პროცესები სასარგებლო იდიოტიზმის კლასიკური ნიმუშია

თამარ ჩერგოლეიშვილი
თეორემა/ტაბულა

ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის შეფასებით, რუსთავი ორში მიმდინარე პროცესები "სასარგებლო იდიოტიზმის კლასიკური ნიმუშია" ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოს. ჩერგოლეიშვილმა TV პირველის ეთერში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს რუსთავი 2 ძალაუფლების დაბრუნების იარაღად მიაჩნია.

"სასარგებლო იდიოტიზმი", მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკური ჟარგონია, თავის დროზე ლენინმა დაამკვიდრა და იმ ადამიანებს უწოდებდა, რომელიც მისდა უნებურად, მტრის საქმეს აკეთებდნენ. ზუსტად ამას აკეთებს ახლა მიხეილ სააკაშვილი, მან ბიძინას საქმე გააკეთა იმით, რომ თავის დროზე თვითონვე დაშალა თავისი პარტია - რაც ივანიშვილმა ვერ გააკეთა, ის გააკეთა სააკაშვილმა, (მაგრამ დამთავრდა ეს ყველაფერი, შეიქმნა ახალი პარტია, რომელსაც თავისი გზა აქვს), დღეს იგივეს უკეთებს რუსთავი ორს.

ნიკა გვარამია საკმარისად ჭკვიანია იმისთვის, რომ მიმხვდარიყო - რუსთავი 2-ის ბიძინა ივანიშვილისგან დაცვის ერთადერთი გზა იყო, რუსთავში ორი შეენარჩუნებინა კრიტიკული აზრის ფორუმად, მაგრამ სააკაშვილი იყო ამის წინააღმდეგი, იმიტომ რომ მას, როგორც ჩანს, რუსთავი 2 ძალაუფლების დაბრუნების იარაღად მიაჩნია და უკვე ვეღარ აცნობიერებს, რომ რეალურად, თავისი ნაბიჯებით ძალაუფლებასაც კიდევ უფრო შორდება, იმიტომ, რომ დღეს, რეალურად, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის რუსთავი ორის ბუნკერის ტელევიზიად გადაქცევის პროცესი, რომელიც იქნება ერთი პარტიის იარაღი და არა ოპოზიციის კრიტიკული აზრის გამომხატველი ხმა"- თქვა ჩერგოლეიშვილმა.

ტაბულას წყაროს ინფორმაციით, რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია გადადგა. მისივე ცნობით, ტელეკომპანიის კოლექტივის ნაწილი გვარამიასთან დაბრუნებაზე მოლაპარაკებას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-ში ფინანსური კრიზისის გამო, რამდენიმე კვირაა რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით, 31 მაისს ნიკა გვარამიამ თქვა, რომ თუ რუსთავი 2-ში ფინანსური პრობლემებს ვერ მოაგვარებდა, თანამდებობას დატოვებდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნოდარ მელაძე დაინიშნა.

კომენტარები