ბირჟა მაფია

ნანუაშვილი პროკურატურას: შეისწავლეთ "ბირჟა მაფიას" წევრების დაკავების მოტივები

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი "ბირჟა მაფიას" წევრების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ნანუაშვილი პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს "ბირჟა მაფიას" წევრების დაკავების ის მოტივები, რაც დაკავებულებმა და მათი ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.

"ბირჟა მაფიას" წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 3 დღის წინ დააკავეს. მათ შსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

მიშკა მგალობლიშვილი პოლიციას ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს და მის დაკავებას ბირჟა მაფიას ბოლო კლიპს უკავშირებს, რომელშიც პოლიციელი მუხლებზე დგას და თოკზეა გამობმული. როგორც მგალობლიშვილმა დღევანდელ პროცესზე თქვა, პოლიციელებმა მას უთხრეს - "ვიღაც ძალიან გააღიზიანე და დაისჯებიო". მისი თქმით, "ასევე მელაპარაკებოდნენ კლიპზე და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ". დაკავებულის თქმითვე, პოლიციელმა მას უთხრა, რომ "ვინც პოლიციას ასე წარმოაჩენს, აუცილებლად დაისჯება".

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინვე აღკვეთი ღონისძიების სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

სახალხო დამცველი განცხადებაში აღნიშნავს, რომ youtube-ზე 4 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეოში, პოლიციელის პერსონაჟი ისეა დაბურული, რომ მისი გარჩევა საერთოდ შეუძლებელია, რაც აძლიერებს ბრალდებულებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ გამოთქმულ ვერსიას.

სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ კლიპის შინაარსი და გამოყენებული ვიზუალი გამოხატვის თავისუფლებით სრულადაა დაცული.

"სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კლიპის შინაარსი და გამოყენებული ვიზუალი გამოხატვის თავისუფლებით სრულადაა დაცული. ამავდროულად, როგორც ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტი, ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 23–ე მუხლის მე–2 პუნქტითაც, რომლის მიხედვით, "შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელი". არავინ უნდა დაექვემდებაროს რაიმე ზეწოლას თავისი უფლებით სარგებლობის გამო. ასევე, დაუშვებელია ყოველგვარი ხელშეშლა უფლებით სარგებლობაში. 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153–ე მუხლით დასჯადია სიტყვის თავისუფლების ხელყოფა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მიხედვით, დანაშაულს წარმოადგენს სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით", - წერია განცხადებაში. 

ნანუაშვილის აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოუწოდებს პროკურატურას ყურადღებით მოეკიდოს ბრალდებულებისა და მათი ოჯახის წევრების გავრცელებულ ინფორმაციას და ამ მიმართულებით ობიექტური გამოძიება დაიწყოს.

"უაღრესად საყურადღებოა ბრალდებულებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაკავების სხვა შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით, მათ შორის, კლიპის ნაწილში. შესაბამისად, აუცილებელია ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება და მისი დროულად, სრულყოფილად და ობიექტურად წარმოება. 
სახალხო დამცველი ყურადღებით მიადევნებს თვალს მოცემულ საქმეს და საკუთარ შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები