ავარია

გორში, დასუფთავების სამსახურის სატვირთო მანქანა მატარებელს შეეჯახა

flickr.com

გორის რაიონის სოფელ ორთაშენში დასუფთავების სამსახურის სატვირთო მანქანა მატარებელს შეეჯახა. შსს-ს ცნობით, მსუბუქად დაშავდა ავტომობილის მძღოლი და ერთი მგზავრი.

საქართველოს რკინიგზაში ტაბულას უთხრეს, რომ მატარებელი ნომერი 605 ნიქოზიდან გორის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როდესაც, დაახლოებით 6 საათსა და 50 წუთზე, სატვირთო მას გვერდიდან შეეჯახა. რკინიგზის ცნობით, მატარებლების მოძრაობა არ შეფერხებულა.

როგორს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი პუნქტით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კომენტარები