დაკავებული რეპერები

ბირჟა მაფიას წევრი მიშკა მგალობლიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

Facebook/ Young mic

ბირჟა მაფიას წევრი მიშკა მგალობლიშვილი სააპელაციო სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა დაცვის მხარის საჩივარი დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეუცვალა. იმის გამო, რომ ოჯახს ფულის გადახდის საშუალება არ აქვს, გირაოში მგალობლიშვილის დედის ბინას ჩადებენ. გარდა ამისა, ბრალდებულს ჩამოართმევენ პასპორტს.

მიშკა მგალობლიშვილი დარბაზიდან გაათავისუფლეს. საქმის არსებითი განხილვა 27 ივნისს არის ჩანიშნული.

ცნობისთვის, 9 ივნისს, ბირჟა მაფიას წევრებს თბილისის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 9 და 10 ივნისს, დაკავებული რეპერების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. 10 ივნისის საღამოსვე, ბირჟა მაფიას მხარდაჭერა გამოუცხადა ბერა ივანიშვილმა.

გუშინ, 11 ივნისს, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარე მიშკა მგალობლიშვილისთვის და გიორგი ქებურიასთვის აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას დათანხმდა. 

"ბირჟა მაფიას" წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 7 ივნისს დააკავეს. მათ შსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

დაკავებულები კი, პოლიციას ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებენ და მათ დაკავებას ბირჟა მაფიას ბოლო კლიპს უკავშირებენ, რომელშიც პოლიციელი მუხლებზე დგას და თოკზეა გამობმული.

მეორე დაკავებულის, გიორგი ქებურიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 15:00-ზე დაიწყება.

კომენტარები