რეპერების დაკავება

მგალობლიშვილი: სირცხვილი, ვინც სცადა პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება

სააპელაციო სასამართლოს დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა რეპერმა მიშკა მგალობლიშვილმა.

"დიდი მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებს, ჩემს ფანებს, ჩემს კოლეგებს, ვინც გვერდში მედგა და აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც გულწრფელად დამიდგა გვერდში. სირცხვილი მათ, ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება, იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი და მორალური ვალდებულებაა, ვებრძოლოთ ასეთ უსამართლობას", - თქვა მგალობლიშვილმა.

მიშკა მგალობლიშვილი 50 000-იანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გამოსვლისას მან სწორედ იმ სიმღერის რეჩიტატივი წაიმღერა, რის გამო დაკავებაზეც თავად საუბრობს.

სატირულ ჰიპ-ჰოპ პროექტ ბირჟა მაფიას წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 7 ივნისს ნარკოტიკ MDMA-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სასამართლო პროცესებზე დაკავებულებმა დანაშაული გამორიცხეს და პოლიციელები "ფერადი შეფერილობის ტაბლეტების" ჩადებაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, სამართალდამცველები ახსენებდნენ მათ კლიპს, რომელშიც პოლიციელი მუხლებზე იდგა და თოკზე იყო გამობმული და ეუბნებოდნენ, რომ ამის გამო "ვიღაც ძალიან გაღიზიანდა". ასევე, ამბობდნენ, რომ მათ დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამის შემდეგ, მოძრაობა თეთრი ხმაურის ორგანიზებით, პარლამენტის ძველ შენობასთან მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა, რასაც მოჰყვა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის პოსტი ფეისბუქზე, სადაც მათ გათავისუფლებაზე მიუთითებდა. ამის შემდგომ, განცხადებები გააკეთეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ. მათ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და პოლიციელების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრეს. 11 ივნისს პროკურატურამ სამართალდამცველების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ კლიპში პოლიციელი დაფარეს:

კომენტარები