რეპერების დაკავება

ბირჟა მაფიას კლიპს ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს და იუთუბის ტრენდინგში პირველზეა

პაროდიულ-სატირული ჰიპ-ჰოპ პროექტ "ბირჟა მაფიას" კლიპს ამ მომენტში ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს და იუთუბის ტრენდინგში პირველ ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეო ამ ეტაპზე ყველაზე ყურებადია. ტრენდინგი ქვეყანაში კონკრეტული ვიდეოს პოპულარობას განსაზღვრავს.

ჩასწორებული ვიდეო, რომელშიც მუხლზე მდგარი და თოკზე გამობმული პოლიციელი დაფარულია, 4 ივნისსაა ატვირთული და 527 000-ზე მეტი ნახვა აქვს.

დღეს "ბირჟა მაფიას" წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 50 000 და 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა. გამოსვლისას მგალობლიშვილმა სწორედ ამ სიმღერის რეჩიტატივი წაიმღერა, რის გამო დაკავებაზეც თავად საუბრობს.

სატირულ ჰიპ-ჰოპ პროექტ ბირჟა მაფიას წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 7 ივნისს ნარკოტიკ MDMA-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სასამართლო პროცესებზე დაკავებულებმა დანაშაული გამორიცხეს და პოლიციელები "ფერადი შეფერილობის ტაბლეტების" ჩადებაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, სამართალდამცველები ახსენებდნენ მათ კლიპს, რომელშიც პოლიციელი მუხლებზე იდგა და თოკზე იყო გამობმული და ეუბნებოდნენ, რომ ამის გამო "ვიღაც ძალიან გაღიზიანდა". ასევე, ამბობდნენ, რომ მათ დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამის შემდეგ, მოძრაობა თეთრი ხმაურის ორგანიზებით, პარლამენტის ძველ შენობასთან მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა, რასაც მოჰყვა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის პოსტი ფეისბუქზე, სადაც მათ გათავისუფლებაზე მიუთითებდა. ამის შემდგომ, განცხადებები გააკეთეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ. მათ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და პოლიციელების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრეს. 11 ივნისს პროკურატურამ სამართალდამცველების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები