რეპერების დაკავება

სააპელაციო სასამართლომ "ბირჟა მაფიას" მეორე წევრსაც პატიმრობა გირაოთი შეუცვალა

მიხეილ მგალობლიშვილი (Young mic) და გიორგი ქებურია (Kay G)
Facebook/ Young mic

სააპელაციო სასამართლომ "ბირჟა მაფიას" წევრი გიორგი ქებურია 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა დაცვის მხარის საჩივარი დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეუცვალა. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობას პროკურატურაც დაეთანხმა. 

რაც შეეხება ბირჟა მაფიის მეორე წევრს მიშკა მგალობლიშვილს, ის ერთი საათის წინ, 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, ორივე ბრალდებულს ჩამოართმევენ პასპორტს.

საქმის არსებითი განხილვა 27 ივნისს გაიმართება.

ცნობისთვის, 9 ივნისს, ბირჟა მაფიას წევრებს თბილისის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 9 და 10 ივნისს, დაკავებული რეპერების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. 10 ივნისის საღამოსვე, "ბირჟა მაფიას" მხარდაჭერა გამოუცხადა ბერა ივანიშვილმა.

გუშინ, 11 ივნისს, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარე მიშკა მგალობლიშვილისთვის და გიორგი ქებურიასთვის აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას დათანხმდა. 

"ბირჟა მაფიას" წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 7 ივნისს დააკავეს. მათ შსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

დაკავებულები კი, პოლიციას ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებენ და მათ დაკავებას ბირჟა მაფიას ბოლო კლიპს უკავშირებენ, რომელშიც პოლიციელი მუხლებზე დგას და თოკზეა გამობმული. ასევე აცხადებენ, რომ აღიარებით ჩვენებას ხელი პოლიციის ზეწოლის გამო მოაწერეს.

კომენტარები