დემპინგი

ქუმსიშვილი: ეკონომიკის სამინისტროში შემუშავებულია ანტიდემპინგის კანონპროექტი

დიმიტრი ქუმსიშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

"ეკონომიკის სამინისტროში შემუშავებულია დემპინგის ამკრძალავი კანონპროექტი. ახლა დასაზუსტებელია რა თარიღებში დაიწყებენ საჯარო განხილვას, შემდეგ კი წავა ეს კანონი პარლამენტში", - ამბობს ფინანსთა მინისტრი. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი "არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აღქმული, როგორც იმპორტიორთა წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი".

"ანტიდემპინგზე შემიძლია იგივე პოზიცია დავაფიქსირო, რაც მქონდა როგორც ეკონომიკის მინისტრს, მას შემდეგ პოზიცია არ შემიცვლია. ეს იქნება ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებული კანონმდებლობა. ყველა ქვეყანას გააჩნია აღნიშნული კანონმდებლობა", - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი. 

დემპინგის აკრძალვა როგორც წესი ადგილობრივი მწარმოებლების "ინტერესთა დაცვას" ემსახურება, თუმცა ამ დროს მოსახლეობა ზარალდება, რადგანაც ისინი უცხოური პროდუქციის შეღავათიან ფასად ყიდვის საშუალებას კარგავენ, მოგებულ მდგომარეობაში კი ადგილობრივი კომპანიები რჩებიან, რომლებიც აღნიშნულ საქონელს შედარებით ძვირად აწარმოებენ.

ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება ბიზნესგარემოსთვის ახალი რეგულაციის დაწესება იქნება, რომელიც კონკრეტულ კომპანიებს სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ანტიდემპინგური კანონმდებლობა შესაძლოა ბუნდოვანიც იყოს, რაც შეიძლება კანონის ნორმების ფართოდ განმარტებისა და, შედეგად, კომპანიებისთვის ახალი ფინანსური ბარიერის შექმნის ტოლფასი გახდეს.

კომენტარები