თავისუფლების აქტი

მთავრობა "თავისუფლების აქტის" გაუქმებას განიხილავს - ბიზნესის საგანგებო განცხადება

ტაბულა

საქართველოს უმსხვილესმა ბიზნესასოციაციებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მთავრობამ შესაძლოა კონსტიტუციის პროექტიდან ამოიღოს 94-ე მუხლი, ანუ "ეკონომიკური თავისუფლების აქტი". საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ ამ მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობისა და ინვესტორთა ნდობის შემცირებას გამოიწვევს, რაც ეკონომიკურ ზრდას შეანელებს. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ამ მუხლის შეცვლასთან ან სრულ გაუქმებასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება. 

ბიზნესასოციაციების მიმართვა მთავრობას:

1. მნიშვნელოვანია საქართველოში უნიკალურად მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შენარჩუნება და განმტკიცება. აღნიშნული ჩანაწერი საკონსტიტუციო დონეზე უზრუნველყოფს ფისკალური პოლიტიკის სტაბილურობასა და განჭვრეტადობას, რითაც მიმზიდველს ხდის საქართველოს უცხოური ინვესტიციებისთვის, ასევე, ხელს უწყობს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას. მისი შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა დიდწილად განპირობებულია უცხოური ინვესტიციებითა და ადგილობრივი მეწარმეების საინვესტიციო აქტივობით.

ინვესტორს აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს ინვესტიცია რეგიონის თუ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და, ამ მხრივ, კონკურენცია ქვეყნებს შორის მუდმივად იზრდება. ინვესტიციების მოსაზიდად საქართველო ინვესტორს უნდა სთავაზობდეს უნიკალურ, სტაბილურ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში არ არის ნათელი, რა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია საქართველოს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, რეგიონთან შედარებით.

ამ ჩანაწერის გაუქმება საგრძნობლად გააუარესებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით და შეამცირებს ინვესტიციების შემოდინებას, რაც ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას.

ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს აღნიშნული საკონსტიტუციო ჩანაწერი და მის შესაბამისად მიღებული ორგანული კანონი - „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“.

2. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავად გადაწყვიტონ გაიზარდოს, თუ არა მათი გადასახადები.

მოქალაქეების უფლება, რეფერენდუმის გზით გადაწყვიტონ გადასახადების გაზრდის საკითხი, უშუალოდაა დაკავშირებული მათ უფლებასთან - განკარგონ საკუთარი შრომის შედეგად მიღებული შემოსავლები და ეს განახორციელონ პირდაპირი დემოკრატიის ფორმით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დარწმუნებულნი ვართ, რომ ქვეყნის ძირითადი კანონიდან ამ მნიშვნელოვანი გარანტიის გაქრობა გააჩენს არასტაბილურობის განცდას და გადასახადების ზრდის მოლოდინს, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ,მოქალაქეების და ბიზნესსექტორისათვის თანაბრად დამაზიანებელი იქნება.

რა არის თავისუფლების აქტი და რა უფლებას ანიჭებს ის მოსახლეობას:

2010 წელს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ამ პროცესის უფრო დეტალური გაწერისთვის შეიქმნა ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის. აღნიშნული ჩანაწერი ძალაში 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა. ამ მომენტიდან კონსტიტუციამ მოსახლეობას მიენიჭა ახალი უფლება, რომლითაც მათ შეუძლიათ განსაზღვრონ დაუჭირონ თუ არა მხარი გადასახადების ზრდას.

ორგანული კანონი მთავრობას ასევე ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ გადააჭარბოს 60%-ს; ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მუხლი გაუქმდება იქმნება იმის საფრხე, რომ ქვეყანაში გაიზარდოს საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი, ბიზნესისა და მოსახლეობისთვის გაიზარდოს გადასახადების დონე, რასაც თავისმხრივ ეკონომიკური ზრდის შენელება მოჰყვეს. 

კომენტარები