თავისუფლების აქტი

ფადი ასლი: თუ თავისუფლების აქტი გაუქმდება ინვესტორები ქვეყანას დატოვებენ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი ტაბულასთან საუბარში ამბობს, კონსტიტუციის 94-ე მუხლის, ანუ თავისუფლების აქტის გაუქმებით საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება. ფადი ასლის თქმით, ინვესტორთა განწყობაზე საერთაშორისო კომპანიების წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებებიც ნეგატიურად მოქმედებს, თავისუფლების აქტის გაუქმების შემთხვევაში კი მრავალმა ინვესტორმა ქვეყანა შეიძლება დატოვოს.

ფადი ასლის ინფორმაციით, მთავრობას თავისუფლების აქტის გაუქმების რეკომენდაციით მსოფლიო ბანკმა მიმართა, რადგანაც ის მთავრობის მიერ შემუშავებული საპენსიო რეფორმის ამოქმედებას ხელს უშლის. დღეს ქვეყნის უმსხვილესმა ბიზნესასოციაციებმა მთავრობას კონსტიტუციის 94-ე მუხლის უცვლელად შენარჩუნებისკენ მოუწოდეს

"სამწუხაროდ როგრც შევიტყვეთ, მსოფლიო ბანკმა მოსთხოვა მთავრობას ამ მუხლის გაუქმება, რათა მთავრობას შეუფერხებლად შეეძლოს იმ საპენსიო რეფორმის ამოქმედება, რაზეც მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობს. მათი შეფასებით ამ ჩანაწერის არსებობა რეფორმის განხორციელებისთვის ბარიერს წარმოადგენს, რისი გაუქმების შემდეგაც მათ რეფორმის დაწყების შესაძლებლობა გაუჩნდებათ.

თუ ამ გზას აირჩევს მთავრობა ამას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ძალიან ცუდი შედეგები ექნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპენსიო რეფორმის დაწყება თავისუფლების აქტის გაუქმების გარეშეც არის შესაძლებელი.

უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ საქართველო კარგავს საინვესტიციო მიმზიდველობას. ჩვენ ვნახეთ, რომ კორუმპირებულმა სასამართლომ რიგი საერთაშორისო ინვესტორები დააზარალა. თუ ამ ფონზე გავაუქმებთ თავისუფლების აქტს ეს გამოიწვევს იმას, რომ ინვესტორები საქართველოს დატოვებენ", - ამბობს ფადი ასლი.

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის დაწყებას გეგმავს, პროექტის მიხედვით, საპენსიო სისტემაში ჩართვის შემდეგ მათ რეგულარული საპენსიო შენატანები უნდა განახორციელონ, რაც ქვეყანაში ახალი საერთო-სახელმწიფფოებრივი გადასახადის შემოღებად აღიქმება, ეს კი კონსტიტუციის 94-ე მუხლის მიხედვით რეფერენდუმს საჭიროებს.

ტაბულამ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად მსოფლიო ბანკს მიმართა, საიდანაც ოფიციალური პასუხის მიღებას ელოდება.

რა არის თავისუფლების აქტი და რა უფლებას ანიჭებს ის მოსახლეობას:

2010 წელს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ამ პროცესის უფრო დეტალური გაწერისთვის შეიქმნა ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის. აღნიშნული ჩანაწერი ძალაში 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა. ამ მომენტიდან კონსტიტუციამ მოსახლეობას მიენიჭა ახალი უფლება, რომლითაც მათ შეუძლიათ განსაზღვრონ დაუჭირონ თუ არა მხარი გადასახადების ზრდას.

ორგანული კანონი მთავრობას ასევე ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ გადააჭარბოს 60%-ს; ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მუხლი გაუქმდება იქმნება იმის საფრხე, რომ ქვეყანაში გაიზარდოს საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი, ბიზნესისა და მოსახლეობისთვის გაიზარდოს გადასახადების დონე, რასაც თავისმხრივ ეკონომიკური ზრდის შენელება მოჰყვეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები