ეკონომიკური თავისუფლების აქტი

დიმიტრი ქუმსიშვილი: 94-ე მუხლი მნიშვნელოვანია, თუმცა არასრულყოფილი

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

ფინანსთა მინისტრი და ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ 94-ე მუხლი მნიშვნელოვანია, თუმცა ის არ არის სრულყოფილი. 

"საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი მნიშვნელოვანია და არწმუნებს ინვესტორებს, რომ გადასახადები არ გაიზრდება. თუმცა, ამ მუხლს გააჩნია ჩანაწერი, რომელიც გადადის ორგანულ კანონზე, სადაც აღწერილია გამონაკლისები. მუხლი არ არის სრულყოფილი და გამონაკლისების მიმართულებით ბევრი ცვლილების გაკეთებაა შესაძლებელი. ჩემი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ბიზნესკლიმატი მნიშვნელოვანია და მის გაუმჯობესებას უნდა შევუწყოთ ხელი. ამასთან, კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ საქართველოს კონსტიტუცია ერთადერთია, სადაც ასეთი მუხლია,"- ამბობს ქუმსიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

დღეს საქართველოს უმსხვილესმა ბიზნესასოციაციებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მთავრობამ შესაძლოა კონსტიტუციის პროექტიდან ამოიღოს 94-ე მუხლი, ანუ "ეკონომიკური თავისუფლების აქტი". საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა განაცხადა, რომ ამ მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობისა და ინვესტორთა ნდობის შემცირებას გამოიწვევს, რაც ეკონომიკურ ზრდას შეანელებს. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ამ მუხლის შეცვლასთან ან სრულ გაუქმებასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება. 

რა არის თავისუფლების აქტი და რა უფლებას ანიჭებს ის მოსახლეობას:

2010 წელს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ამ პროცესის უფრო დეტალური გაწერისთვის შეიქმნა ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის. აღნიშნული ჩანაწერი ძალაში 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა. ამ მომენტიდან კონსტიტუციამ მოსახლეობას მიენიჭა ახალი უფლება, რომლითაც მათ შეუძლიათ განსაზღვრონ დაუჭირონ თუ არა მხარი გადასახადების ზრდას.

ორგანული კანონი მთავრობას ასევე ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ გადააჭარბოს 60%-ს; ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მუხლი გაუქმდება იქმნება იმის საფრხე, რომ ქვეყანაში გაიზარდოს საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი, ბიზნესისა და მოსახლეობისთვის გაიზარდოს გადასახადების დონე, რასაც თავისმხრივ ეკონომიკური ზრდის შენელება მოჰყვეს. 

კომენტარები