EMC

ვერძეული: აქამდე თუ ეჭვი არსებობდა, ახლა ზუსტად ვიცით, სად მიიღება გადაწყვეტილებები

ტაბულა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის (EMC) წევრი სოფო ვერძეული ამბობს, რომ ნარკოტიკის შესაძლო ჩადების ყველა გახმაურებულ საქმეში სამართალდამცავებს მუშაობის ერთგვაროვანი სქემა ჰქონდათ. 

"სწორედ ის, რომ ამდენ ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელ საქმეში ჩვენ ვხედავთ ერთგვაროვან ხელწერას, ჩვენთვის არის ნიშანი იმისა, რომ ეს არ არის კონკრეტულ საქმეებში ინდივიდუალური პოლიციელების ინდივიდუალური გადაწყვეტილებები და გადაცდომები. ეს არის ის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც დაშვებულია სამართალდამცავ სისტემაში. დაშვებულია იმ დაუსჯელობის პრობლემის გამო, რომელიც წლებია მოყვება ამ სამართალდამცავ სისტემას და ამ დრომდე არაფერი ინსტიტუციური არ გაკეთებულა იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრილიყო,"- ამბობს ვერძეული. 

მისი თქმით, "ბირჟა მაფიას" რეპერების საქმემ რეალურად აჩვენა საზოგადოებას, სად მიიღება გადაწყვეტილებები. 

"თუ აქამდე არსებობდა ეჭვები, ჩვენ რეალურად ვნახეთ, სად მიიღება გადაწყვეტილებები, მიიღება ეს სასამართლოში თუ მის გარეთ. მე ვფიქრობ, ამ საქმემ გასცა პასუხი ამ კითხვას და, სამწუხაროდ, ეს პასუხი არის ის, რომ ერთ შემთხვევაში სასამართლომ ფაქტობრივად გაამართლა ის, რასაც მისგან სამართალდამცავი ორგანოები ითხოვდნენ და რამდენიმე დღეში მან გააფორმა ის, რასაც მისგან პოლიტიკოსები ითხოვდნენ,"- ამბობს უფლებადამცველი.

სოფო ვერძეული ამბობს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არ აქვს.

"ჩვენ არ გვყავს სასამართლო სისტემა და სასამართლო არ არის თავის ადგილზე იმისთვის, რომ ის თვითნებობა, რომელიც დაშვებულია პოლიციაში, აღკვეთოს და წინ აღუდგეს ამ თვითნებობას".

ვერძეულის განმარტებით, ის აქციაზე იმიტომ გავიდა, რომ რეპერების დაკავების დღეს სასამართლომ "გაბედა" დემურ სტურუას საქმეში ბრალდებული პოლიციელის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 

ეს ყველა საქმე, რაზეც ვსაუბრობთ, არის ძალიან მძიმე, მაგრამ სტურუას საქმე ბოლო წლებში ყველაზე მძიმე იყო. ძალიან ბევრი ბრალდებულისგან განსხვავებით, არ ჰქონდა არავის და არაფრის იმედი. მას არ ჰქონედა მედიის იმედი, მას არ ჰქონდა ჩვენი იმედი და მას თოქ-შოუები არ დაეთმო. მე ვფიქრობ, ეს იყო ის უსამართლობა, რაც დაინახა ხალხმა, რომ ერთსა და იმავე დღეს ორ ახალგაზრდას დაემუქრა სამუდამო პატიმრობა და ამ დროს დემურ სტურუას საქმეში ბრალდებული პოლიციელის სრულად გამართლება გაბედა სასამართლომ. ეს იყო ყველაზე დიდი უსამართლობა, რომელიც საზოგადოებას ბოლო წლებში დაუნახავს,"- ამბობს სოფო ვერძეული.

კომენტარები