პეკინის გამზირი

ნარმანია: პეკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია 16 ივნისს იწყება

facebook.com/sakrebulo.ge

პეკინის გამზირის რეაბილიტაცია 16 ივნისიდან იწყება. თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, აღდგება გზის საფარი და მოეწყობა ტროტუარები.

"პეკინის ქუჩა, სატრანსპორტო მოძრაობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მონაკვეთია, სადაც დაზიანებული გზის საფარი გადაადგილებისას მნიშვნელოვან დისკომფორტს იწვევს. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პეკინის ქუჩის სრული რეაბილიტაციის შესახებ. შესაბამისი რესურსები მობილიზებულია და სამუშაოები 16 ივნისიდან დაიწყება“, - თქვა ნარმანიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერის თქმით, რეაბილიტაციის პროცესის გამო შეიცვლება სატრანსპორტო გადაადგილების მარშრუტი, პირველ ეტაპზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება.

"ვაჟა ფშაველას გამზირის მხრიდან მომავალი ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს 26 მაისის მოედნამდე, ხოლო პირიქით მიმავალი ნაკადები იმოძრავებენ კოსტავას გამზირის მიმართულებით და შემდეგ გადაერთვებიან სხვა ქუჩებზე", - თქვა ნარმანიამ.  

თბილისის მერის თქმით, სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა სექტემბრის დასაწყისში რეაბილიტაციის პროცესი დასრულდეს. გარდა ამისა, ნარმანია ამბობს, რომ 26 მაისის მოედანზე დროებითი შტაბი იქნება მოწყობილი, საიდანაც მოხდება პროექტის ოპერატიული მართვა.

კომენტარები