საარჩევნო სისტემა

შესაძლოა, მაჟორიტარული სისტემა 2024 წელს გაუქმდეს, მმართველი გუნდი ვადებზე მსჯელობს

არჩილ თალაკვაძე
საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი მსჯელობს, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა თუ 2024 წლისთვის. თალაკვაძის შეფასებით, საარჩევნო სისტემის საკითხზე "ზედმეტ ენერგიას ვხარჯავთ".

"გუშინ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა კონსულტაციები უმრავლესობასთან, უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებთან, მათ შორის მაჟორიტარ დეპუტატებთან, ზედმეტ ენერგიას ვხარჯავთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ პოლიტიკა მთლიანად უნდა გადავრთოთ ხალხის საჭიროებებზე. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, არსებული საარჩევნო სისტემა აუცილებლად შეიცვლება უფრო დემოკრატიული მოდელით. გუშინდელი კონსულტაციების შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უმრავლესობის აბსოლუტურად ყველა წევრი უჭერს მხარს პროგრესს და დემოკრატიის შემდგომ გაძლიერებას ქვეყანაში.

რაც შეეხება საკონსტიტუციო პროექტის კენჭისყრას, უმრავლესობა გამოვა შეთანხმებული პოზიციით იმ სესიებზე, რომელიც მიეძღვნება საკონსტიტუციო განხილვას და ეს მოხდება ივნისის მეორე ნახევარში" - თქვა თალაკვაძემ.

ჟურნალისტებმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ჰკითხეს, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, როომ მმართველი გუნდი მაჟორიტარული სისტემის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაუქმებას განიხილავს. მისი თქმით, ვადებზე მსჯელობენ და შეთანხმებული პოზიცია ივნისის მეორე ნახევარში ექნებათ.

"საარჩევნო სისტემასთან, მათ შორის მაჟორიტარულ მოდელთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობა და მნიშვნელოვანი არგუმენტები იყო წარმოდგენილი, როგორც საჯარო განხილვებზე საზოგადოების მხრიდან, ასევე ანალოგიური არგუმენტები აქვთ დეპუტატების ნაწილს. მე ვფიქრობ, რომ ზედმეტ ენერგიას ვხარჯავთ ამ საკითხზე... ვმსჯელობთ ამასთან დაკავშირებით, თუმცა ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ საარჩევნო სისტემა უფრო დემოკრატიული სისტემით შეიცვლება. ვადებზე გამოვალთ შეთანხმებული პოზიციით ივნისის მეორე ნახევარში. ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნასაც" - ამბობს თალაკვაძე.

კომენტარები