დოლარში რეკლამირება იკრძალება - რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან მეწარმეები

REUTERS

2017 წლის 1 ივლისს ძალაში შედის ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში გაჩენილი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. 1 ივლისიდან ძალაში შედის ამ კანონისთვის ადმინისტრაციული სამართალდარვევების კოდექსში შესული ცვლილებებიც, რომლის მიხედვითაც ლარში რეკლამირების და საქონლის შეთავაზების წესის დარღვევა 5 ათას ლარამდე ჯარიმებს ითვალისწინებს.

ცვლილება პირველ რიგში უძრავი ქონების ბაზრისკენ არის მიმართული, რადგანაც აღნიშნული ბაზარი პრაქტიკულად სრულად დოლარში ოპერირებს, ასევე მაღალია დოლარიზაცია ავტომობილებით ვაჭრობის სექტორშიც. ამ ბაზრებს 1 ივლისიდან იძულებით ლარში გადართვა მოუწევთ. მთავრობის შეფასებით, უძრავი ქონების ლარში გადართვა ამ ბაზარზე პროგნოზირებადობას გაზრდის. ცვლილება ბაზარზე შეამცირებს არჩევანის უფლებას მეწარმეებმა გამოიყენონ ის ვალუტა რომელსაც უპირატესობას ანიჭებენ.

თუ მეწარმეები კანონის მოთხოვნებს დაარღვევენ მათთვის დაწესებული ჯარიმები ასე გამოიყურება:

  • პირველ ჯერზე გამოიწვევს წინადადების მიმცემის (ოფერენტის) ან რეკლამის დამკვეთის გაფრთხილებას.
  • იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
  • იგივე ქმედების ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

სახელმწიფო გარკვეულ გამონაკლისებსაც აწესებს, როდესაც უცხოურ ვალუტაში ფასდადება კანონდარღვევად არ ჩაითვლება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების პროექტის (PDF დოკუმენტი) მიხედვით, შემდეგი გამონაკლისები დგინდება:

  • ნებისმიერი საერთაშორისო რეზერვაციის პორტალის ან/და უცხოური ვებ გვერდის მეშვეობით ტურისტული მომსახურების, ავიაბილეთების რეალიზაციის და სასტუმროების მომსახურების შეთავაზებასთან, რომელიც ხორციელდება მხოლოდ უცხოურ ენაზე.
  • საქართველოს ტერიტორიაზე არარეზიდენტ პირთათვის ტურისტული მომსახურების, ავიაბილეთების რეალიზაციის და სასტუმროების მომსახურების შეთავაზებასთან, იმ პირობით, რომ შეთავაზება/რეკლამირება ხორციელდება ასევე ეროვნული ვალუტით.
  • საერთაშორისო, მათ შორის, სარკინიგზო გადაზიდვებსა და საერთაშორისო ტრანსპორტირებასთან.
  • როუმინგის მომსახურებასთან.
  • უცხოეთში გადაზღვევის მომსახურებასთან.
  • სასაქონლო ნიშნებზე, დიზაინზე, გამოგონებაზე და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტზე უფლებების მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის გაწეულ მომსახურებასთან.
  • ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და წყალმომარაგების იმპორტთან, ექსპორტთან/რეექსპორტთან და/ან ტრანზიტთან.
  • არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან.
  • რეზიდენტის მიერ არარეზიდენტისათვის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან.
  • ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო და/ან უცხო ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტების და/ან ინვესტორის დაფინანსებით (მათ შორის ნაწილობრივი დაფინანსებით) განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში საქონლის მიწოდებასა და/ან მომსახურების გაწევასთან და/ან სამუშაოების (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების) შესრულებასთან.
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენერგეტიკის დარგში განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში საქონლის რეალიზაციასთან და/ან მომსახურების გაწევასთან.
  • საერთაშორისო ხელშეკრულებების/შეთანხმებების და მემორანდუმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებასთან.

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ცვლილების ძალაში შესვლამდე მაუწყებლების ეთერში სპეციალური მარკეტინგული კლიპები გავა ეთერში, რათა მინიმუმამდე იყოს შემცირებული მომავალში ამ კანონის შესაძლო დარღვევის შემთხვევები.

"პირველი ივლისიდან იწყება უძრავი ქონების ლარში ფასდადება, შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო ამზადებს სპეციალურ მარკეტინგულ კლიპებს, იმისათვის, რომ მოსახლეობასა და კერძო სექტორში გავზარდოთ ცნობადობა ამ კანონმდებლობის. არავის არ აქვს სურვილი, რომ მოხდეს დაჯარიმება კომპანიების", - ამბობს ქუმსიშვილი.

კომენტარები