ძალადობა

შსს სექსმუშაკის ცემაზე: ჩხუბი ორ ქალს შორის მოხდა

ლიბერალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო სექსმუშაკის განცხადებასთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს, რომელიც უწყებას მოქალაქემ მიაწოდა. შსს-ს მტკიცებით, ჩხუბი ორ ქალს შორის მოხდა, ხოლო პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო ი.ლ სამართალდამცველებმა დააკავეს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თბილისში, ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის ჩხუბი მოხდა.

სამინისტროში ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზემივიდნენ ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლები, სადაც მათ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1996 წელს დაბადებული ი.ლ. დახვდათ. უწყების ცნობით, მას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.

"პოლიციელების დანახვისას ი.ლ. აგრესიული გახდა, სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მათთან თანამშრომლობასა და სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე უარი განაცხადა. პოლიციამ ი.ლ. წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 177-ე მუხლების თანახმად დააკავა. დაკავებისას მას განემარტა ნებაყოფლობით ადვოკატის მოწვევის უფლება. ადვოკატის პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ ი.ლ.-მ განაცხადა, რომ იგი მის კოლეგა ქალბატონს არ უცემია, არამედ დაზიანებები სხეულზე სამართალდამცველებმა მიაყენეს. ი.ლ. ამჯერად სამედიცინო დახმარებაზე დათანხმდა, რის შემდეგაც იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ა. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება", -ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ვარდების მოედანზე მომხდარ ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

21 წლის სექსმუშაკი ძველი თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსს და ამავე განყოფილების ორ პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს.

კომენტარები