ძალადობა

სექსმუშაკის ადვოკატი: საგამოძიებო ორგანოებმა პოლიციელები სათანადოდ უნდა დასაჯონ

ტაბულა

21 წლის სექსმუშაკი ძველი თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსს და ამავე განყოფილების ორ პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს. ტაბულასთან საუბარში, დაზარალებულის ადვოკატი ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ საგამოძიებოს პოლიციელები დაზარალებულის უფლებებს არ იცავდნენ და ამის საფუძველზე მოხდა შელაპარაკება.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საუბრობს, რომ გამთენიისას პოლიციელებმა სცემეს. ეს მოხდა იმის გამო, რომ სხვა მოქალაქესთან კონფლიქტური სიტუაციის გამო გამოიძახა საპატრულო პოლიცია და რატომღაც საგამოძიებოს პოლიციელები მოვიდნენ, რომლებიც არ იცავდნენ მის უფლებებს ამ კონკრეტულ სიტუაციაში. ამის საფუძველზე მოხდა მათ შორის შელაპარაკება. დაზარალებული ვერ მიხვდა, რომ პოლიციელი იყო მის მიმართ გამოხატა აგრესია, სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელსახოციც ესროლა. ეს ადამიანი აღმოჩნდა პოლიციის უფროსი, რომელმაც ამ ინცინდენტის შემდეგ ამ გოგოს განმარტებით, მოკიდა ხელი და გადმოათრია სასწრაფოს მანქანიდან. იქვე დაიწყეს ცემა რამდენიმე პოლიციელმა. მან უფროსთან ერთად კიდევ ერთი პოლიციელი ამოიცნო",- აღნიშნავს დაზარალებულის ადვოკატი ნინო ბოლქვაძე.

ნინო ბოლქვაძის განმარტებით, დაზარალებულის ცემა პოლიციის მანქანასა და ძველი თბილისის მეშვიდე განყოფილებაშიც გაგრძელდა.

"დაზარალებულმა მოახერხა მეგობართან დაკავშირება და შველას ითხოვდა, რადგან არ იცოდა როგორ გაგრძელდებოდა - მას ემუქრებოდნენ, რომ თუ სასამართლოში იტყოდა და თუ "ჭკვიანად" მოიქცეოდა ჯარიმით შემოიფარგლებოდნენ, სხვა შემთხვევაში ციხეში ჩასვამდნენ. როდესაც მივედი " - ამბობს ტაბულასთან საუბარში ნინო ბოლქვაძე.

ნინო ბოლქვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასაც ეხმაურება, რომელშიც, შსს-ს მტკიცებით, ის სექსმუშაკი ქალი ფიგურირებს, რომელიც ცემაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს. უწყების განცხადებაში წერია, რომ მან რეალურად სხვა ქალთან იჩხუბა.

"მე ვფიქრობ, რომ ისინი ალბათ შეცდომაში შეიყვანა იმან, რომ მე ვმონაწილეობ ამ საქმეში და როგორც წესი ტრანსგენდერ ქალებს ვიცავ. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს იმისთვის აკეთებენ, რომ თავი იმართლონ. ეს არის აბსოლუტურად არასწორი მიდგომა, ერთადერთი გამოსავალი არის, რომ შესაბამისმა საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტურად გამოიძიონ და სათანადოდ დაისაჯონ ის პოლიციელები. სხვა შემთხვევაში, არცერთი მოქალაქე არ იქნება დაცული და პოლიციის მიმართ ნდობა დაეცემა" - აღნიშნავს დაზარალებულის ადვოკატი.

ნინო ბოლქვაძის თქმით, შესაბამისი საჩივრით პროკურატურას დღესვე მიმართავს.

კომენტარები