რაგბი

CRRC-საქართველოს კვლევა: რა იცის საქართველოს მოსახლეობამ რაგბის წესების შესახებ

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა საქართველოში (CRRC-საქართველომ) საქართველოში მიმდინარე რაგბის 2017 წლის მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატთან დაკავშირებით მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტმა (55%) იცის, რომ საქართველოში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ მოქალაქეების უმრავლესობის (62%) აზრით, სპორტის სხვადასხვა სახეობიდან ქართველები ყველაზე წარმატებულები რაგბიში არიან და მოსახლეობის მეოთხედზე მეტი (27%) ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი სწორედ რაგბიზე უნდა დახარჯოს.

კვლევის მიხედვით, მიუხედავად რაგბის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რაგბის ელემენტარული წესებიც კი არ იცის.

გამოკითხულთა მხოლოდ 18 % ასახელებს სწორ რიცხვს კითხვაზე, თუ რამდენი ქულით ფასდება ლელო. მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი (21%) არასწორ ქულას ამბობს, უმრავლესობა (61%) კი საერთოდაც "არ ვიცი"-ს თქმას ამჯობინებს. მოსახლეობის მხოლოდ 6%-მა იცის, თუ რამდენი ადამიანი მონაწილეობს შერკინებაში თხუთმეტკაცა რაგბის დროს, დაახლოებით მეხუთედი (21%) არასწორ რიცხვს ამბობს, უმრავლესობა (73%) კი აქაც თავს იკავებს პასუხის გაცემისგან.

"შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ "რაგბი ჩვენი თამაშია", საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თამაშის წესებში კარგად გარკვეული არ არის", - წერია CRRC-საქართველოს რელიზში.

სატელეფონო გამოკითხვა 2017 წლის 29-30 მაისს ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხვაში მონაწილეობა 726 ადამიანმა მიიღო. მონაცემები საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია და ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.9%-ს უდრის.

რაგბის 2017 წლის მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატი 18 ივნისს დასრულდება.

კომენტარები