თავისუფლების აქტი

მსოფლიო ბანკი: მთავრობისთვის 94-ე მუხლის გაუქმების მოთხოვნით არ მიგვიმართავს

WB

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობამ ტაბულას კითხვებზე წერილობით უპასუხა, რომ ორგანიზაციას საქართველოს მთავრობისთვის არ მიუმართავს რეკომენდაციით გაუქმებულიყო კონსტიტუციის 94-ე მუხლი, ანუ თავისუფლების აქტი. კონსტიტუციის აღნიშნული ჩანაწერი რეფერენდუმის გარეშე კრძალავს ქვეყანაში ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებას ან არსებული გადასახადების განაკვეთის ზრდას (გარდა აქციზისა).

"გვსურს განვმარტოთ, რომ მსოფლიო ბანკს არ მიუმართავს საქართველოს მთავრობისთვის რეკომენდაციით, რომ მათ გააუქმონ ან შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის ჩანაწერი", - წერია მსოფლიო ბანკის წერილობით პასუხში.

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ ტაბულას 13 ივნისს განუცხადა, რომ მისთვის არსებული ინფორმაციით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით გაეუქმებინა კონსტიტუციის ჩანაწერი. ასლის თქმით ამის მიზეზი ის იყო, რომ თავისუფლების აქტი ქვეყანაში საპენსიო რეფორმის ამოქმედებას ხელს უშლიდა. საუბარია მთავრობის მიერ მსოფლიო ბანკის დახმარებით შემუშავებულ საპენსიო რეფორმაზე, რომლის ფარგლებშიც დასაქმებულები და დამსაქმებლები საკუთარი შემოსავლების ნაწილს საპენსიო ფონდებში გადარიცხავენ. სწორედ აღნიშნული საპენსიო შენატანები შეიძლება ჩაითვალოს ქვეყანაში ახალი გადასახადის დაწესებად.

საპენსიო რეფორმის პროექტის მიხედვით მოსახლეობას, დამსაქმებლებსა და სახელმწიფოს შემდეგი სქემის მიხედვით საპენსიო ფონდებში ყოველთვიური შენატანების განხორციელება მოუწევთ:

  • დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%
  • დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%
  • სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს.

იმის გამო რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს საპენსიო ფონდებში საკუთარი ხელფასიდან 2-2%-იანი წილის გადარიცხვა მოუწევთ მაღალი ალბათობით ეს შეიძლება ახალი გადასახადის შემოღებად ჩაითვალოს, რის გამოც მასზე რეფერენდუმის ჩატარების ვალდებულება ჩნდება, თუმცა მსოფლიო ბანკის პოზიციით რეფორმა მოსახლეობისთვის ახალი გადასახადის დაწესებას არ წარმოადგენს და შესაბამისად მასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ვალდებულებაც არ არსებობს. 

მსოფლიო ბანკის პოზიცია საპენსიო რეფორმის "თავისუფლების აქტთან" შესაბამისობაზე:

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული საპენსიო რეფორმის მოდელი სრულად თავსებადია კონსტიტუციის 94-ე მუხლთან, ანუ "თავისუფლების აქტთან", ეს მოსაზრება მთავრობამ დაადასტურა კონსტიტუციონალურ იურისტებთან (კონსტიტუციონალისტებთან) კონსულტაციებისას.

მოგახსნებთ, რომ გადასახადები კანონმდებლობის მიხედვით განმარტებულია მოსახლეობისა და მეწარმეების მიერ სახელმწიფოსათვის გადასაცემ იმ ფინანსურ ვალდებულებად, რომელიც პარლამენტისა და მთავრობის მიერ მიღებული და დამტკიცებული საბიუჯეტო პროცესის მეშვეობით იხარჯება. 

საპენსიო შენატანები არ უნდა იყოს აღქმული გადასახადის დაწესებად, ვინაიდან ეს შენატანები მიემართება პერსონალურ საპენსიო ანგარიშებზე, დასაქმებულები ამ დაზოგილ თანხას დარიცხულ საპროცენტო განაკვეთებთან ერთად პენსიაზე გასვლის შემდგომ, ან სხვა შემთხვევებში მიიღებენ (თუ სამუდამოდ დატოვებენ ქვეყანას, გახდებიან შშმ პირები ან გარდაიცვლებიან. ამ უკანასკნელ შემთხვევაში თანხას მათი მემკვიდრეები მიიღებენ). მოსახლეობის დაზოგილ თანხებს განკარგავს არამომგებიანი საპენსიო სააგენტო, და ეს თანხა არ მოხვდება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში.

რაც შეეხება დამსაქმებლის პერსპექტივას, საქართველოს შრომის კოდექსი ისედაც აწესებს დამსაქმებელთათვის სხვადასხვა მოთხოვნებს, რომლებიც გადასახადად არ არის აღქმული, მაგალითად ეს არის: ანაზღაურებადი შვებულების უფლება, უსაფრთხოების სტანდარტების მოწყობის ვალდებულება და სხვა ვალდებულებები. იმის გამო რომ ამ შემთხვევებში დამსაქმებელთა მიერ გაღებული ხარჯები არ მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში მათი გადასახადებთან გაიგივება არ შეიძლება. 

ჩვენ მოხარული ვართ, რომ სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები მხარს უჭერენ ქვეყანაში საპენსიო რეფორმის დაწყებას - ჩვენი მხრივ ჩვენც ვუჭერთ მხარს ამ რეფორმას. 

კომენტარები