კრიმინალი

შსს: გორის ვიცემერის სახლში ყაჩაღობის ინსცენირება ძიძამ მოაწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გორის ვიცემერის გოგა რაზმაძის სახლში ყაჩაღობის ინსცენირება ძიძამ მოაწყო. შსს-ს ცნობით, ძიძამ ოქროს ნივთები სახლიდან რამდენიმე თვის წინ წაიღო, ლომბარდში ჩააბარა, რის შემდეგაც, მათი დაბრუნება ვერ შეძლო. სამინისტროს ინფორმაციით, 1986 წელს დაბადებული მ.ჯ, რომელიც გოგა რაზმაძის სახლში სამი წელია მუშაობს, დანაშაულს აღიარებს.

"როგორც მან დაკითხვისას თქვა, საძინებელ ოთახში მდგარი ტანსაცმლის კარადიდან გადმოიღო ჩანთა, სადაც მოთავსებული იყო ოქროს ნივთები, მათი ნაწილი ჩანთიდან ამოიღო, ხოლო დანარჩენი - კარადის თავზე დამალა. ბინიდან წამოღებული ოქროს ნივთები მ.ჯ.-მ ლომბარდში ჩააბარა. იმის გამო, რომ ლომბარდიდან ოქროს ნივთების გამოხსნა ვერ შეძლო, ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო.

2017 წლის 15 ივნისს, დაახლოებით, 16:00 საათზე, მ.ჯ.-მ საძინებელ ოთახში და ლოჯიაში მდგარი კარადებიდან იატაკზე გადმოყარა ტანისამოსი და სხვა ნივთები, შემოსასვლელ კართან კი, ოქროს სამკაულის ნაჭრის პატარა ტომრები დაყარა. შემდეგ მისაღები ოთახის კედელს თავი დაარტყა, რა დროსაც შუბლის არეში დაზიანება მიიყენა, საძინებელ ოთახში გავიდა, იატაკზე, ბავშვების საწოლთან დაჯდა და ოჯახის დიასახლისის მოსვლას დაელოდა. სახლში დაბრუნებულ დიასახლისს მ.ჯ.-მ მოატყუა, თოთქოს თავს ყაჩაღები დაესხნენ" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში, საქმეზე კვალიფიკაცია შესაბამისი მუხლით შეიცვლება. ამჟამად, გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები