საარჩევნო სისტემა

კობახიძე გაუნაწილებელ მანდატებზე: სამდონიანი ზღვარი შევიმუშავეთ

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "საქართველო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციას სრულად ითვალისწინებს და 37-ე მუხლს კონსტიტუციაში ახლებური ფორმულირებით წარადგენს". კობახიძე აღნიშნავს, რომ ევროპელი ექსპერტების მთავარი რეკომენდაცია გადაუნაწილებელ მანდატებს შეეხებოდა. კერძოდ, ვენეციის კომისიამ საქართველოს მთავრობას გაუნაწილებელი მანდატების განაწილების სხვა შესაძლებლობების განხილვა შესთავაზა:

  • პროპორციული განაწილება ყველა იმ პარტიას შორის, რომელიც გადალახავს 5%-იან ბარიერს, ან:
  • დაწესდეს გაფლანგული ხმების რაოდენობის ზედა ზღვარი, რომელიც გამარჯვებულ პარტიას შეხვდება;
  • და/ან დაიწიოს ბარიერმა 2 ან 3%-მდე, ამგვარად დარჩენილ მანდატებზეც გავრცელდეს პროპორციული სისტემა"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართულმა მხარემ სამდონიანი ზღვარი განსაზღვრა.

"ზედა, რომლის დროსაც, პარტია გადაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე 89 მანდატზე მეტს ვეღარ მიიღებს; ქვედა - როდესაც ბონუსის გათვალისწინებით, პირველ ადგილზე გასული პარტია, 75 ან ნაკლებ მანდატს მიიღებს, მაშინ ბონუსი აზრს კარგავს და გადაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად ბარიერგადალახულ ყველა პარტიაზე გადანაწილდება. 

ასევე, იარსებებს ფარდობითი ზღვარი, რომლის მიხედვით, გამარჯვებული პარტიის მიერ მიღებული გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ მიღებული ძირითადი მანდატების 35%-ს (მაგალითად, თუ პარტია მიიღებს ხმების 40%-ს, ის ბონუსის ხარჯზე ვერ მიიღებს მანდატების 54%-ზე მეტს). ამ მოდელის მიხედვით, პირველ ადგილზე გასული პარტია, ბონუსით, როგორც წესი, მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ ის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 38-დან 44%-მდე მიიღებს" - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს ხელისუფლების მიერ მომზადებული კონსტიტუციის პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები სრულად გამარჯვებულ პარტიას უნდა მიეღო.

კომენტარები