საზოგადოებრივი მაუწყებელი

ენძელა მაჭავარიანი: GDS-ის თანამშრომლები სიცოცხლესა და სანდოობას შემატებენ საზმაუს

პარლამენტი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს გრიგოლ გოგელიას ჰკითხა თუ როდის გადავლენ GDS-ის დარჩენილი თანამშრომლებიც პირველ არხზე. მაჭავარიანის შეფასებით, 20/30-ის თანამშრომლების რაოდენობის ზრდა საზოგადოებრივ მაუწყებლის სანდოობას გაზრდის. საპარლამენტო არჩევნებამდე ენძელა მაჭავარიანი 20/30-ის პროდიუსერი იყო.

"GDS იყო გასართობი არხი, როდესაც ჩვენ მივედით GDS-ზე და გავაკეთეთ მხოლოდ ერთი პოლიტიკური გადაცემა 20/30, რომელიც ვისაც ტელევიზია ესმის და იცის, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე იყო საკმაოდ წარმატებული.

როდესაც ჩვენ ვაკეთებდით გადაცემა 20/30-ს სათითაოდ ვაწარმოებდით მოლაპარაკებას იმ ჟურნალისტებთან, რომლებიც სხვა ტელევიზიებიდან გადმოვიბირეთ. გადმოვიყვანეთ საუკეთესო ჟურნალისტები არ მინდა ამ ყველას ჩამოსახელება, რადგანაც ვინმე გამომრჩება. მაგრამ იმ ადამიანებს, ვისთანაც ჯერ კიდევ აწარმოებს პირველი არხის მათ გადმოყვანაზე მოლაპარაკებებს და დარწმუნებული ვარ რომ ჯერ ვერ გადაიბირა და იმედია გადაიბირებს ვინც GDS-ში მუშაობდა დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს და სანდოობას შემატებენ ისინი საზოგადოებრივ ტელევიზიას", - ამბობს მაჭავარიანი.

მას შემდეგ რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი 20/30-ის კიდევ ერთი ყოფილი პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე გახდა ტელევიზიაში GDS-ის თანამშრომელთა გადასვლის პროცესი დაიწყო, რასთან დაკავშირებითაც საკუთარი შეშფოთება არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გამოხატეს.

"საზოგადოებრივ მაუწყებელზე 30 თანამშრომლის დამატება, რომელთაგან უმეტესობა ყოფილი GDS -ელია, აჩვენებს, რომ შესაბამის გეგმას ახალი გენერალური დირექტორი, რომელიც ასევე GDS -ის ყოფილი თანამშრომელია, მართლაც ახორციელებს. საყურადღებოა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, სულხან სალაძის მიერ გავრცელებული მონაცემებით, ახლადმიღებულ თანამშრომელთა ანაზღაურება თვეში 80 ათას ლარს აღწევს, მაშინ როცა მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი პირველივე დღიდან თანხების დაზოგვის აუცილებლობაზე საუბრობდა და ამ მიზნით თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნასაც კი გეგმავდა" - აცხადებს კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის.

კომენტარები